პატრულმა RS-თან კარი მშრალად შეინახა და სამი ქულა მოიპოვა!

ყველა სიახლე
28 ნოემბერი 2021

პატრულმა RS-თან კარი მშრალად შეინახა და სამი ქულა მოიპოვა!

თბილისის სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თამაშები D ჯგუფის დაპირისპირებით გაგრძელდა. პატრულმა შემოსავლების სამსახურთან კარი მშრალად შეინახა და მეტოქე სამბურთიანი უპირატესობით დაამარცხა (3-0).

რევაზ ინჯგიამ „ძალოვნები“ წინ მეთექვსმეტე წუთზე გაიყვანა.მეორე ტაიმში დავით დარჩიამ და გიორგი ჭანტურიამ უპირატესობა სამამდე გაზარდეს. RS-მა სხვაობის შემცირება ვერ შეძლო და მატჩი საპასუხო გოლის გარეშე დათმო. ამ მოგებით პატრული D ჯგუფის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

რევაზ ინჯგია, პატრული: „მადლობა RS-ს ასეთი ლამაზი და კარგი თამაშისთვის. ჩვენ ალბათ მეტი ვიმოძრავეთ, მეტი მომენტიც შევქმენით და შესაბამისი ანგარიშიც დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, სათადარიგო სკამს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჩვენ გვქონდა იმის რესურსი, რომ შეცვლები გაგვეკეთებინა და ასე ძალები დავზოგეთ. ამ ყველაფერმა შედეგზე გავლენა იქონია“.

A ჯგუფის შეხვედრაში ლიბერთი ბანკმა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე თამაშში ენეგო-პროსთან 5-3 იმარჯვა. „ბანკირებმა“ ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნეს. ენერგო-პრომ პირველივე ტაიმში აღადგინა წონასწორობა და წინ გავიდა, მაგრამ ლიბერთიმ მოახერხა უპირატესობის დაბრუნება და მეტოქე საბოლოოდ ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გოლი გიორგი ვეშაგურის სახელზეა.

დღის სხვა შეხვედრაში ფარვანამ ავერსი მინიმალური სხვაობით 2-1 დაამარცხა. ფარვანა პირველ ტაიმში ორი ბურთით გავიდა წინ. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე „ფარმაცევტებმა“ სხვაობა შეამცირეს, მაგრამ თამაშში ანგარიში მეტად აღარ შეცვლილა და ფარვანამ პირველი სამი ქულა მიითვალა.



  © SBM, 2016-2024