C ჯგუფში დიპლომატ ჯორჯია გალიდერდა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში დიპლომატ ჯორჯია ვითიბი ბანკს დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი დიპლომატის სასაგებლოდ 3-2 დასრულდა.
პირველი ტაიმი ვითიბიმ მინიმალური უპირატესობით დათმო, მაგრამ მეორე ნახევარში სხვაობა სამ ბურთამდე გაიზარდა. „ბანკირებმა“ თამაშის მიწურულს, ბოლო ხუთ წუთში, ორი ბურთის გაქვითვა შეძლეს, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოასწრეს და დიპლომატ ჯორჯიამ ამ მოგებით სატურნირო ცხრილში პირველობა მოიპოვა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
სანდრო ხუციშვილი, დიპლომატი: „სექტემბრიდან მოყოლებული ინტენსიურად ვვარჯიშობთ. ვიცოდით, რომ ვითიბი ამ ჯგუფში ერთ-ერთი ლიდერი იყო, რადგან წინა სეზონები საკმაოდ დიდი წარმატებით ჰქონდა დასრულებული, მაგრამ ჩვენც წინა სეზონის ფავორიტები ვიყავით. ამბიციური გეგმები გვაქვს. აქედან გამომდინარე, მომზადების ფონზე და ტაქტიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, რაღაც უპირატესობა პირველ ტაიმში მოვიპოვეთ, რითიც ვაჯობეთ მეტოქეს. მეორე ტაიმში ცოტა მოვდუნდით, რადგან 3-0-ს ვიგებდით. საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ იმისთვის, რომ ჯგუფში მოწინავე პოზიციებზე ვიყოთ“.
ვატო მაჭავარიანი, ვითიბი: „თამაში ძალიან დაძაბული იყო, რასაც ნამდვილად ველოდით. გუნდებს ერთნაირი ქულები გვქონდა, ამიტომ ორივე გუნდისთვის მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მომენტებში მოწინააღმდეგემ გვაჯობა და ზუსტად ამან გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. პირველ ტაიმში ჩვენმა ლიდერმა ტრავმა მიიღო და ძირითადად ამან გამოიწვია ის, რომ გუნდმა საკუთარი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ბოლოში გვქონდა რაღაც მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა. იმედია, შემდეგში უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ“.
საკვალიფიკაციო ლიგაში რუსთავის აზოტმა პირველი გამარჯვება ხალიკ ბანკთან მოიპოვა. აზოტმა მეტოქე კომფორტული უპირატესობით 5-1 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით ლევან ჭიტაძე გამოირჩა.
დღის სხვა შეხვედრაში ნიკორამ D ჯგუფში NS Studio-სთან 5-1 იმარჯვა. გიორგი დვალი გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით დაეხმარა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, თუმცა ნიკორამ თამაშის განახლებიდან მალევე უპირატესობა მოიპოვა, რომელიც აღარ დაუთმია.