გრანდ ლიგა ელპოზოსა და McGill-ის მატჩით დაიწყო!
ყველა სიახლეთბილისის სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის მეორე სათამაშო დღე მიმდინარეობს. გრანდ ლიგამ სტარტი ელპოზოსა და McGill-ის დაპირისპირებით აიღო. შეგახსენებთ, რომ გრანდ ლიგაში მონაწილეობას 35+ ასაკის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები იღებენ, რაც წლევანდელ სეზონზე სიახლეა.
მატჩში ანგარიში ელპოზომ გახსნა. McGill-ის რიგებიდან ნიკოლოზ ჯალაღანიამ წონასწორობა მალევე აღადგინა, მეორე ტაიმში კი გუნდი წინ გაიყვანა. ოცდამეთვრამეტე წუთზე ნიკა კბილაძემ საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა.
სათამაშო დღე საკვალიფიკაციო ლიგით დაიწყო. მეამამ მეორე შეხვედრაშიც შეძლო გამარჯვების მოპოვება, ამჯერად მათი მეტოქე ქარუ იყო, რომელიც 2-1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 6 ქულით ლიდერობს. მეამას რიგებიდან ორივე გოლი გიგა ესიტაშვილის სახელზეა. ბოლო წამზე სხვაობა მინიმუმამდე თორნიკე ბოჭორიშვილმა შეამცირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
რევაზ ბერიძე, McGill: „პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ დავბრუნდით. ჩვენ წლების განმავლობაში გამოვდიოდით ბიზნესის ჩემპიოთა ლიგაზე, რაღაც მიღწევებიც გვაქვს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ძალიან სასიხარულოა დაბრუნება. ძალიან მოსაწონი ფორმატია. ასაკი ყველას გვემატება და ცოტა რთულია ახალგაზრდებთან თამაში. ბევრი ძველი მეგობარი ვნახეთ. კმაყოფილები ვართ თამაშით, თუმცა შეგვეძლო მოგვეგო. ჩვენ ტრავმების გამო სრულად ვერ ვიყავით დღეს და მეტოქეს მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში ჩვენც რომ გამოგვეყენებინა შანსები, შეიძლებოდა მოგვეგო“.
გია ჯანგავაძე, ელპოზო: „პირველ რიგში, ორგანიზატორებს დიდი მადლობა ფორმატისთვის, რომელიც დიდი ხანი მწიფდებოდა და ახლა სისრულეში მოიყვანეს. გრანდ ლიგა გვაძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ ვნახოთ ძველი მეგობრები და ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ ერთად. მინდა ყველა მონაწილეს ვუსურვო წარმატება. ჩვენს ასაკში ანგარიშს ვინ გახსნის და თამაში როგორ დასრულდება დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია, ერთად ვითამაშოთ და ფეხბურთით დავისვენოთ“.
დღის განმავლობაში ერთმანეთს A, B,C და D ჯგუფის გუნდებიც დაუპირისპირდებიან.