„იმერულ“ დერბიში ქუთაისმა იმარჯვა!

ყველა სიახლე
20 ნოემბერი 2021

„იმერულ“ დერბიში ქუთაისმა იმარჯვა!

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მეოთხე ტური ადგილობრივი გუნდების დერბით დასრულდა. ქუთაისმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ორბურთიანი უპირატესობით 4-2 დაამარცხა.

აწსუ-მ მეორე ტაიმში ბაკურ ბუაძის დუბლით სამბურთიანი ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, მაგრამ ოცდამეთექვსმეტე წუთზე ლაშა გელოვანმა აქტივში მეორე ბურთიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი და საგოლე გადაცემა ბექა ტუღუშის სახელზეა.

ამ მოგებით ქუთაისს 9 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის უდანაკარგო ლიდერს, ევროპის უნივერსიტეტს გაუთანაბრდა. მომდევნო ტურში სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლაშა გელოვანი, ქუთაისი: „დაძაბული თამაში გამოდგა, რადგან ქუთაისური დაპირისპირება იყო. რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ. უნდა აღვნიშნო, რომ მეტოქეს ახალგაზრდა ბიჭები ჰყავს და უმატებენ თამაშიდან-თამაშამდე. ბევრი რამე გვაქვს გამოსასწორებელი. დღეს, ჩემი აზრით, ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც, კინაღამ დავისაჯეთ. ვფიქრობ, მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ. შემდეგი გასვლითი თამაში EU-სთან ძალიან რთული იქნება“.

ბაკურ ბუაძე, აწსუ: „ქუთაისში გვქონდა თამაში და გარემოს კარგი გავლენა ჰქონდა. ვაჩვენეთ ყველას, რომ შეგვიძლია ბოლომდე ბრძოლა და თამაშის მოტრიალება. ვეცდებით, შემდეგში დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. გვქონდა შესაძლებლობა ქულა მაინც აგვეღო, 3-2-ზე ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმისთვის მწვრთნელმა მოგვცა მუხტი, ქუთაისის თამაში შევაფასეთ და შევცვალეთ ტაქტიკა, რის გამოც მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის V ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 29 ნოემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024