UG-ის პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში!

ყველა სიახლე
20 ნოემბერი 2021

UG-ის პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში!

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში საქართველოს უნივერსიტეტი გორს დაუპირისპირდა. „სტუდენტებმა“ მეტოქე 7-3 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი დაძაბული გამოდგა. გორმა ანგარიშის გათანაბრება ორჯერ შეძლო და ტაიმი 2-2 დასრულდა. UG საბოლოოდ ოცდამეცხრე წუთზე დაწინაურდა და უპირატესობა აღარ დაუთმია. გამარჯვებული გუნდიდან ორ-ორი ბურთი ზურა შერმადინისა და ნიკა ფანცულაიას სახელზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ადუაშვილი, გორი: “სამწუხაროდ პირველი ორი გოლი ძალიან ცუდად გავუშვით. ვერ დავლაგდით შემდეგ. მეორე ტაიმში ვცადეთ ახალი მოთამაშეებისთვის მეტი დრო მიგვეცა. გვაინტერესებს რა შესაძლებლობები აქვთ. ამ ეტაპზე, ცოტა სუსტად ვითამაშეთ. მწვრთნელმაც დაგვტოვა, ეს გადაწყვეტილება თავისი სურვილით მიიღო. ეს ჩვენს თამაშზეც მოახდენს გავლენას, რადგან მწვრთნელის დახმარება გვჭირდებოდა. დარბაზის პრობლემაც გვაქვს, სამწუხაროდ, ფუტსალისთვის შესაფერისად ვერ ვემზადებით, მაგრამ ჩვენ მაინც ბოლომდე ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ“.

ნიკა ფანცულაია, UG: „საკმაოდ რთულია მგზავრობის შემდეგ მაშინვე თამაში. ძალიან საინტერესო პირველი ტაიმი იყო. ბოლომდე დავიხარჯეთ. მიუხედავად ყველაფრისა, ორივე ტაიმით კმაყოფილი ვარ. თავიდან ცოტა დავიბენით და 2-2 გახდა ანგარიში, მაგრამ გასახდელში საუბრის შემდეგ მოვიკრიბეთ ძალები და ახალი ენერგიით გამოვედით. ვცდილობთ, ჩვენი შრომით შედეგს მივაღწიოთ. ჩვენი მიზანი მინიმუმ პლეიოფში თამაში და სამეულში შესვლაა“.

ტურის სხვა შეხვედრაში თსუ 2 ილიაუნი 2-ს ეთამაშება. ადგილობრივ დერბიში კი ქუთაისი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024