ავტოიმპორტმა ქართუ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!
ყველა სიახლეთბილისის სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის პირველი სათამაშო დღე კავკასიის ავტოიმპორტისა და ქართუ ბანკის დაპირისპირებით დასრულდა.
მატჩის პირველი ნახევარი CAI-ის სასარგებლოდ 2-0 წარიმართა. „ბანკირებმა“ სხვაობა მინიმუმამდე ორჯერ შეამცირეს. ავტო იმპორტმა ორბურთიანი უპირატესობის აღდგენა მაინც შეძლო და საბოლოოდ მეტოქეს 4-2 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი მაჩხანელმა გაიფორმა.
დღის სხვა შეხვედრაში A ჯგუფის პირველი ტურის მატჩი თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ლიბერთი ბანკს შორის გოლის გარეშე 0-0 დასრულდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკა თოდუა, ქართუ: “დაძაბული და დრამატული შეხვედრა იყო. მეტოქე გარკვეულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მთელი თამაში შეინარჩუნეს ბურთის კონტროლი და ფიზიკურადაც გვაჯობეს ამის ხარჯზე. ვთვლი, რომ ასეთი მარცხი უშეღავათო ბრძოლის შემდეგ უსამართლოა, მაგრამ პირველი თამაშია. ძალებს აღვიდგენთ და დავიბრუნებთ იმ ფორმას, რისი წყალობითაც გავედით შარშან ფინალში. ჩვენი ჯგუფი ე.წ. სიკვდილის ჯგუფია და ასეთი თამაშები უფრო მეტ მოტივაციას მოგვცემს. არასდროს არ ვაფასებთ ხოლმე ასეთ მომენტებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ პენალტის მომენტს არ ვეთანხმებით. ეს სპორტია და წაგებაც უნდა მივიღოთ, გამარჯვებით კი ვისიამოვნოთ. წარმატებულ სეზონს ვუსურვებ ყველას“.
ლაშა ჯოხაძე, CAI: „პირველ ტაიმში კარგად დავიწყეთ. უპირატესობაც გვქონდა, ბურთს ვაგორავებდით. დასანანი რაც არის, ბევრი კარგი მომენტი გავაფუჭეთ, რასაც შემდეგ ტურებში გამოვასწორებთ. ჩემი აზრით, უფრო დიდი უპირატესობით შეგვეძლო მოგვეგო. რთული მეტოქე გვყავდა და კარგი თამაში შემოგვთავაზეს. რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც გვყავს, შეთამაშებაც გვიჭირს. საბოლოო ჯამში, მომავალში უფრო კარგ შედეგს დავდებთ აუცილებლად“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 28 ნოემბერს გაიმართება.