"ბუკმეიკერთა" დერბი კროკოს გამარჯვებით დასრულდა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მორიგ მატჩში შემოსავლების სამსახურმა ნიკორას 3-2 მოუგო. ნიკორამ მეორე ტაიმში ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ირაკლი სიხარულიძემ ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, რამაც RS-ს სამი ქულა მოუტანა.
B ჯგუფის პირველი ტურის სასტარტო მატჩი კროკობეთსა და ბეთლაივს შორის დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს, მაგრამ გოლი არ გასულა. ოცდამეხუთე წუთზე კროკობეთი ავტოგოლით დაწინაურდა. თამაშის დასრულებამდე კი ლევან კოპალიანმა სხვაობა ორამდე გაზარდა და „ბუკმეიკერთა“ დერბიში კროკომ 2-0 იმარჯვა.
დღის სხვა შეხვედრაში ვითიბი ბანკმა ფარვანას 3-1 სძლია. ერთწლიანი პაუზის შემდეგ „ბანკირები“ ჩემპიონატში წარმატებულად დაბრუნდნენ და პირველივე მატჩი მოიგეს. ვითიბის რიგებიდან ლევან ჩიხრაძემ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლევან კოპალიანი, კროკობეთი: „სეზონის დასაწყისია. ცოტა ფორმიდან ამოვარდნილები ვართ. ვფიქრობ, გადამწყვეტი როლი ითამაშა გამოცდილებამ. კლასის ხარჯზე მოვუგეთ დღეს მოწინააღმდეგეს. ავტოგოლი გარდამტეხი მომენტი იყო, მოწინააღმდეგეც დაიბნა და შემდეგ უკვე შეცდომებით ვისარგებლეთ. ჩემი აზრით, წელს უფრო დაძაბული ჩემპიონატი გველის და ყველა გუნდს თანაბარი შანსი ექნება ჩემპიონობისთვის“.
ოთარ წიკლაური, ბეთლაივი: „გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას. კროკო ოქროს ლიგის ჩემპიონია და ველოდით რთულ თამაშს. გვინდოდა სეზონი მოგებით დაგვეწყო. ბევრი მომენტი გვქონდა და არ გაგვიმართლა. გარდამტეხი როლი მართლაც ითამაშა იმ ავტოგოლმა, რომელიც გავუშვით კონტრშეტევაზე. თამაშის ბედი გადაწყდა ამ მომენტში. ახალი მოთამაშეებიც გვყავს და შეთამაშება გვაკლია. შემდეგში ვეცდებით მოვუმატოთ და შედეგი გავაუმჯობესოთ. ჩვენი მიზანი ამ სეზონში ტიტულის მოპოვება“.
სათამაშო დღე A და B ჯგუფის მატჩებით დასრულდება.