"ძალოვნების" წარმატებული სტარტი NS Studio-სთან!

ყველა სიახლე
07 ნოემბერი 2021

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთოთხმეტე სეზონის პირველი სათამაშო დღე D და C ჯგუფის შეხვედრებით გაგრძელდა.  

ვერცხლის ლიგის გასული სეზონის ჩემპიონმა პატრულმა NS Studio-სთან კომფორტული უპირატესობით 5-2 მოიგო. შეხვედრაში ანგარიში NS Studio-მ გახსნა. „ძალოვნებმა“ ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. წინ გასვლის შემდეგ პატრულს უპირატესობა აღარ დაუთმია.

C ჯგუფის მატჩი დიპლომატ ჯორჯიასა და ავერსს შორის დაძაბული გამოდგა. დიპლომატმა პირველ ათ წუთში ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შეძლო. ტაიმის დასრულებამდე ავერსმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ოცდამეთვრამეტე წუთზე ლევან კინწურაშვილის მეორე გოლით დიპლომატმა შეხვედრა მინიმალური უპირატესობით 3-2 მოიგო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ირაკლი ქარჩავა, პატრული: „მინდა ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდს და SBM-ს მივულოცო მეთოთხმეტე სეზონის გახსნა. როგორც ყოველთვის, პირველი თამაშისთვის გუნდები ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ. პირველად ვეთამაშეთ ამ გუნდს და შესაბამისი მობილიზება გვქონდა. დასახულ მიზანს მივაღწიეთ. შემდეგისთვის უფრო დავალაგებთ თამაშს. მეორე ნომრად არ გვითამაშია და გახსნილი ფეხბურთი ვარჩიეთ. ამის მიზანი იყო, ყველას გამოევლინა თავისი შესაძლებლობები. უფრო ხალისიანი  თამაშიც გამოგვივიდა, დავინახეთ შეცდომებიც, რასაც მომდევნო ტურებისთვის გავითვალისწინებთ“.

ლუკა ჩაგანავა, NS Studio: „წლევანდელ სეზონზე, იმედი გვაქვს, რომ ბევრად კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ. გუნდი გარკვეულწილად გაძლიერდა. დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის რეიტინგის პირველ ნომერთან თამაში. ასე თუ ისე, ნორმალურად გავართვით თავი. ყოველშემთხვევაში, იმედის მომცემი თამაში იყო. პირველ ტაიმში გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით, რაც იმის ხარჯზე იყო, რომ დასვენებულები ვიყავით. ძირითადის ორი მოთამაშე გვაკლდა და ამან იმოქმედა“.

თბილისის სპორტის სასახლეში პირველი ტურის შეხვედრები გრძელდება. 



  © SBM, 2016-2024