მე-14 სეზონის გახსნით მატჩში მეამამ იმარჯვა!
ყველა სიახლეთბილისის სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონმა სტარტი საკვალიფიკაციო ლიგით აიღო. გახსნით მატჩში ერთმანეთს დებიუტანტები, მეამა და რუსთავის აზოტი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მეამას სასარგებლოდ 3-2 დასრულდა.
პირველ ტაიმში გუნდები ფრეზე გაიყარნენ (1-1). სეზონის პირველი გოლი ვახტანგ დეისაძის (მეამა) სახელზეა. მეორე ნახევარში მეამამ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გიორგი ახვლედიანმა დუბლი შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და მეამამ სადებიუტო გამარჯვება სეზონის სტარტზევე მიითვალა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ვახტანგ დეისაძე, მეამა: „ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ბედნიერები ვართ ამ გამარჯვებით. მოტივაცია გვქონდა. პირველად გამოვდივართ და ჩვენი მიზნები გვაქვს. გვინდა, ჩვენი კომპანიის სახელით წარმატებას მივაღწიოთ, მგონია, რომ ასეც იქნება. კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა. თანაბარი თამაში იყო. ჩვენ უფრო მეტს ვმოძრაობდით და ეს შედეგიც ვფიქრობ ამან განაპირობა“.
ამირან გოგინავა, რუსთავის აზოტი: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანია ჩაერთო ბიზნეს ლიგაში. მიზნად დავისახეთ უფრო ზემოთ ასვლა. ზღვა ემოციები გვქონდა, აღფრთოვანებულები ვართ. პირველი თამაში ყოველთვის რთულია. ჩემი ბიჭები ცოტა დაბნეულები იყვნენ, რასაც მომავალში აუცილებლად გამოვასწორებთ და გპირდებით, რომ უფრო სანახაობრივი თამაშები გვექნება. მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას“.
დღის განმავლობაში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში A, B, C და D ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება.