ქუთაისმა სადებიუტო მატჩში თსუ 2-ს სძლია!

ყველა სიახლე
31 ოქტომბერი 2021

ქუთაისმა სადებიუტო მატჩში თსუ 2-ს სძლია!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის გახსნითი ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში თსუ 2-ისა და ადგილობრივი „ქუთაისის“ დაპირისპირებით დასრულდა. სანახაობრივ და დრამატულ მატჩში „ქუთათურებმა“ 4-2-დან ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მატჩის ბოლო წუთზე გამარჯვება მოიპოვეს (5-4).

თსუ 2-მა შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში შეტევის შედეგიანად დასრულება ვერც ერთხელ შეძლო და საბოლოოდ ბოლო წამებზე 5-4 დამარცხდა. „სტუდენტების“ რიგებიდან დუბლი შალვა ცხადაძემ გაიფორმა. ქუთაისს გამარჯვებაში ბექა ტუღუში ორი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით დაეხმარა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი, გამარჯვების გოლიც მის სახელზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ბობოხიძე, თსუ 2: „სასიხარულოა ლიგა 2-ის განახლება. ასევე კარგია, რომ ქუთაისს ორი ახალი გუნდი დაემატა. რეგიონებში მატება ყოველთვის საინტერესოა. ახალი ფეხბურთელები მოდიან და მეტი გულშემატკივრობაა, რაც დღევანდელ მატჩსაც თან სდევდა. ჩვენი მეტოქე დებიუტანტია, მაგრამ გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. ჩემი აზრით, ერთი-ერთი ფავოროტები იქნებიან. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ ნელ-ნელა მოვუმატებთ და ვიბრძოლებთ პლეიოფში გასასვლელად. დღეს გამოცდილების შემდეგ ფიზიკური მომზადება დაგვაკლდა ანგარიშის შესანარჩუნებლად“.

ირაკლი გვეტაძე, ქუთაისი: „გარკვეული მიზეზების გამო შესაბამისად მომზადება ვერ მოვახერხეთ, რამაც განაპირობა თავიდანვე ის ბურთობრივი უპირატესობა, რაც მოიპოვეს სტუმრებმა. თსუ 2 ერთ-ერთი საუკეთესოა და მიხარია, რომ კარგი შედეგი ვაჩვენეთ. მეორე ტაიმში უფრო შევთამაშდით, დავლაგდით და უფრო ლამაზი თამაში ვაჩვენეთ. დებიუტანტები ვართ და ეს გამარჯვება ძალიან კარგად იმოქმედებს ჩევნზე“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ტური 8 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024