დებიუტანტები ქუთაისიდან გუნდის მიზნებზე საუბრობენ!
ყველა სიახლესაქართველს ფუტსალის ლიგა 2-ის 2021-22 წწ. სეზონი 31 ოქტომბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში დაიწყება.
ჩემპიონატში 7 გუნდი იასპარეზებს. საქართველოს უნივერსიტეტი წილისყრის შედეგად პირველ ნომრად არის განთესილი და შესაბამისად, პირველ ტურს გამოტოვებს. ილიაუნი 2 სეზონს ევროპის უნივერსიტეტთან მატჩით იწყებს.
აღსანიშნავია, რომ ფუტსალის ლიგა 2-ში ორი ახალწვეულია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ შეხვედრას „გორთან“ გამართავს. „ქუთაისი“ კი სადებიუტო დაპირისპირებაში ლიგის პირველ ჩემპიონს და გამოცდილ თსუ 2-ს ეთამაშება.
Sbm.ge ჩემპიონატის წინ ლიგის დებიუტანტებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:
ლაშა ჭეიშვილი, "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი: „უმეტესი ჩვენგანი აქამდეც თამაშობდა ფუტსალს. უმაღლეს ლიგაშიც იყო ნაწილი და მეორე ლიგაშიც. შესაბამისად, კვალიფიციური მოთამაშეები გვყავს და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენი მიზანია, საპრიზო ადგილი დავიკავოთ.
პირველ ტურში ძალიან კარგი მეტოქე გვყავს, ეს ვიცი და ვაკვირდებოდი. ძალიან გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს თსუ-ს, რაც ძალიან დასაფასებელია. ჩვენ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ.
ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა ქუთაისში თამაში. მოთამაშეებს დიდ მუხტს აძლევს. მგზავრობაც არ გვიწევს, გუნდი დასვენებულია და უფრო კარგ თამაშს ველოდები“.
მინდია ბერეკაშვილი, აწსუ-ს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის უფროსი: „ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია სტუდნეტებით და აქამდე პროფესიულ ლიგაში არ უთამაშიათ. ასპარეზობდნენ მხოლოდ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში. ვინაიდან, სტუდენტები არიან, როტაციას განიცდიან, ზოგმა დაამთავრა სწავლა და გარკვეული ცვლილებებია.
რა თქმა უნდა, ჩემპიონატში გვსურს საუკეთესო პოზიციის დაკავება, თუმცა მთავარია, ამ ახალგაზრდებმა გამოცდილება მიიღონ. რთულია პირველ თამაშზე პროგნოზის გაკეთება. გორზე ბევრი არაფერი ვიცით. პირველი მატჩს ყოველთვის ცოტა დაძაბულობა და დაბნეულობა ახლავს. ფორმაში შესასვლელად ჯერ კიდევ დრო სჭირდებათ.
კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე გულშემატკივარი ვერ იქნება, რაც ცუდია, მაგრამ, თავისთავად, მოთამაშეები მასპინძლის როლში გაცილებით თავისუფლად გრძნობენ თავს“.
შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ლიგა 2-ზე სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ლიგის ოფიციალურ Facebook გვერდზე და sbm.ge-ზე.