ახალი, #14SBMLeague სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის, რიგით მეთოთხმეტე სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო.
წლევანდელი 2021-2022 წ.წ სეზონი, რომელიც სტარტს 7 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს, განახლებული ფორმატით გაიმართება.
მთავარი სიახლეა ახალი Grand ლიგა, სადაც 35 და 35 წელზე უფროსი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ითამაშებენ. პირველ სეზონში, ლიგაში 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ რაუნდიანი წრიული ეტაპის შემდეგ, ორ მატჩიან პლეი-ოფში განაგრძობენ ასპარეზობას.
ფორმატის ცვლილება შეეხო ე.წ „ძირითად ტურნირს“, სადაც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რეიტინგის საუკეთესო 16 გუნდი ითამაშებს. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, გუნდები რეიტინგის შესაბამისად ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან. ორ რაუნდიანი წრიული ეტაპის შემდეგ, გუნდები ჯგუფებში დაკავებული ადგილების შესაბამისად, ოთხი სხვადსახვა ლიგის პლეი-ოფში განაგრძობენ ასპარეზობას - პირველ ადგილოსნები სუპერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, მეორე ადგილზე გასული გუნდები ოქროს ლიგის საუკეთესოს ტიტულის დაუფლებას შეეცდებიან, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები, შესაბამისად, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის პირველობას შეეცილებიან ერთმანეთს. 1/2 ფინალური ეტაპი ორი მატჩისგან შედგება, ხოლო ჩემპიონების ბედს ერთი ფინალური დაპირისპირება გადაწყვეტს.
ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაიმართება საკვალიფიკაციო ლიგის გათამაშება, სადაც ლიგის დებიუტანტები ან/და რეიტინგში 17-20 ადგილებზე მყოფი გუნდები ითამაშებენ. 4 გუნდი ორ რაუნდიანი წრიული ეტაპის შემდეგ, ორ მატჩიან პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას.
გაიმართება ასევე, თასის გათამაშება - FRIENDS CUP, სადაც Grand ლიგის და საკვალიფიკაციო ლიგის 8 გუნდთან ერთად, სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის 1/2 ფინალში დამარცხებული გუნდები ითამაშებენ.
ტრადიციულად, მონაწილე გუნდებისთვის და ფეხბურთელებისთვის გათვალისწინებული იქნება საბონუსე სისტემა, რომლის განაღდებას მონაწილეები #sbmcard-ის მეშვეობით, ლიგის ტექნიკური პარტნიორი #sbmstore-ს მაღაზიათა ქსელში შეძლებენ.
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA, კვლავ მისცემს საშუალებას, ბრენდის სპორტული ფეხსაცმლით გატანილი ყველაზე მეტი გოლის ავტორს, დაესწროს კამპ-ნოუზე ბარსელონას ერთ-ერთ თამაშს - აღნიშნული პრიზი 2022-2023 წ.წ ლა ლიგის სეზონის მატჩზე დასასწრებ ორ ბილეთს და ორ ავია ბილეთს გულისხმობს.