ოქროს ლიგის საუკეთესო ნომინანტები!

ყველა სიახლე
02 აგვისტო 2021

ოქროს ლიგის საუკეთესო ნომინანტები!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის სეზონის დასკვნით ფინალში ოქროს ლიგის გამარჯვებული გამოვლინდა. კროკობეთმა კავკასიის ავტო იმპორტთან გარდამავალ და დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში 4-2 (2-2) მოიგო და თასი აღმართა.

სანახაობრივ ფინალში ანგარიში ორჯერ გათანაბრდა. გიორგი ჩიქოვანის გოლს CAI-ის რიგებიდან ლაშა ჯოხაძემ უპასუხა, გიორგი მაჩხანელმა კი გუნდი წინ გაიყვანა. ძირითადი დროის ამოწურვამდე ოცი წამით ადრე კროკოს მეკარემ, ზაურ კოტრიკაძემ, შორეული დარტყმით წონასწორობა აღადგინა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა. მატჩის ბედის გადამწყვეტი მეორე ტაიმის სტარტი აღმოჩნდა, გიორგი ბერბიჭაშვილმა „ბუკმეიკერები“ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი საფინალო სირენასთან ერთად თეიმურაზ ჯაფარიძემ დააფიქსირა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ოქროს ლიგის ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სეზონის საუკეთესო მეკარე ზურაბ კოტრიკაძე (კროკობეთი) გახდა. საუკეთესო მცველის წოდება გიორგი ბერბიჭაშვილმა (კროკობეთი) მიიღო. საუკეთესო უნივერსალად გიორგი კუხალაშვილი (კროკობეთი) დასახელდა. 6 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო ასისტენტი ლადო ბურდულია (არმია). საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გია ნინოშვილს (RS) გადაეცა. 13 გატანილი გოლით სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი მაჩხანელი (CAI) გახდა. ოქროს ლიგის საუკეთესო მოთამაშედ ზურაბ ლუკავა (CAI) დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:

ზურაბ ლუკავა, CAI: „პირველ რიგში, მოწინააღმდეგეს ვულოცავ ჩემპიონობას, დაიმსახურეს. ჩემი აზრით, ასეთი ფინალი დიდი ხანია არ ყოფილა - ძალიან დაძაბული, დრამატული, ბევრი მომენტი იყო. ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ. იდეალურად მიდიოდა ყველაფერი. ფინალშიც ცოტა უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ფეხბურთია და, სამწუხაროდ, ყველაფერი ხდება. იღბალი მოწინააღმდეგის მხარეს იყო. ნამდვილად არ ველოდი საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას, მოხარული ვარ, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო“.

გიორგი კუხალაშვილი, კროკობეთი: „ძალიან რთული თამაში იყო. გარდამავალი უპირატესობა იყო. ბოლო მომენტში ალბათ ჩვენ უფრო გაგვიმართლა. ორმხრივი შეცდომა იყო, მეკარის და ჩვენი მცველის, მაგრამ ბოლომდე არ დავნებდით, ვიბრძოლეთ და ჩვენი სიძლიერე დავამტკიცეთ. წინა სეზონი გვახსოვს, წაგებული ფინალის სიმწარე და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პირველები ვყოფილიყავით. ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა კომპანიამ, მხოლოდ პირველობისთვის იბრძოლა და ჩვენს მიზანს მივაღწიეთ. თანაბარი თამაში იყო, მომენტები გვქონდა, ბევრჯერ გადავრჩით კიდევაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ძლიერებს უმართლებთ. დღეს ჩვენ ვიყავით ძლიერები და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“.

გიორგი ბერბიჭაშვილი, კროკობეთი: „მადლობა მინდა გადავუხადო მოწინააღმდეგეს. მართლა ძალიან კარგი გუნდია. ვიცოდით მათი შესაძლებლობები. მაქსიმალურად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის და მოხარულები ვართ, რომ წარმატებას მივაღწიეთ. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაში არ ჩერდებოდა. მთელი სეზონი მართლა ამისთვის ვწვალობდით, ვშრომობდით და ბედნიერები ვართ ამ შედეგით. საკმაოდ დაძაბული სეზონი იყო. ერთადერთი გუნდი ვიყავით, რომელსაც წაგება არ ჰქონია და ესეც წარმატებად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, პირადი ჯილდოთი მოხარული ვარ, მაგრამ ესეც გუნდელების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეცამეტე სეზონი დასრულდა. ყველა ტიტულს ახალი მფლობელი ჰყავს. ბრინჯაოს ლიგის გამარჯვებული დებიუტანტი ნიკორა გახდა. ვერცხლის ლიგის ჩემპიონობა პატრულმა მოიპოვა. კავკასიის ავტო იმპორტის თასის მფლობელი დიპლომატ ჯორჯიაა. ოქროს ლიგა და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის სეზონი კი კროკობეთის ტიუმფით დასრულდა.



  © SBM, 2016-2024