დიპლომატ ჯორჯია CAI CUP-ის მფლობელია!

ყველა სიახლე
01 აგვისტო 2021

დიპლომატ ჯორჯია CAI CUP-ის მფლობელია!

დიპლომატ ჯორჯია კავკასიის ავტო იმპორტის თასის გათამაშების გამარჯვებულია.

ფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა. დიპლომატ ჯორჯიას მეტოქე საქართველოს ბანკი იყო. დასკვნითი მატჩის პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამეთხუთმეტე წუთზე „ბანკირების“ კარში შვიდმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც გუგა კამლაძემ ზუსტად შეასრულა და დიპლომატი დააწინაურა. საბოლოო ანგარიში ირაკლი გოგინაშვილმა დააფიქსირა და დიპლომატ ჯორჯიამ მეტოქე 2-0 დაამარცხა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებულები კავკასიის ავტო იმპორტის რეგიონალური ადმინისტრაციის მენეჯერმა, ნინა ბერაიამ, დააჯილდოა. CAI CUP-ის ბომბარდირი 6 გატანილი გოლით გიორგი ჩოხელი (ICR) გახდა. ფინალის საუკეთესო მოთამაშედ ირაკლი გოგინაშვილი (დიპლომატ ჯორჯია) დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ირაკლი გამყრელიძე, საქართველოს ბანკი: „თავიდანვე ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გვქონდა დასახული, მაგრამ ¼ ფინალებიდან გამოვვარდით და თასის გათამაშებაზე გადავინაცვლეთ. ფინალამდე მოვედით და დავმარცხდით. ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, ისეთი, როგორიც შეეფერება თასისთვის ბრძოლას. დიპლომატ ჯორჯიას აქცენტი კონტრ შეტევებზე ჰქონდა აღებული და უკნიდან უტევდნენ, რამაც გაამართლა. შემდეგი სეზონისთვის კიდევ უფრო მოვემზადებით. ვიბრძოლებთ, რომ ზედიზედ მეოთხედ გავიდეთ ფინალში და უკვე გავიმარჯვოთ კიდეც“.

პავლე გასვიანი, საქართველოს ბანკის მთავარი მწვრთნელი: „მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ასეთი კარგი ტურნირისთვის. ვულოცავ დიპლომატ ჯორჯიას გამარჯვებას. რაც შეეხება ჩემს გუნდს, მესამე სეზონია ერთად მოვდივართ. ამ დროის განმავლობაში სამი ფინალი ვითამაშეთ, 2018/19-ში ჩემპიონები გავხდით, 2019/20 წ.წ. სეზონში მეორე ადგილი ავიღეთ. წელს თასზე მთელი რიგი პრობლემები იყო, მაგრამ შევძელით ფინალამდე მისვლა. მადლობა საქართველოს ბანკს. იმედია, მომავალში მივაღწევთ სასურველ მიზანს“

ირაკლი გოგინაშვილი, დიპლომატ ჯორჯია: „პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შოთა თოფურიას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ფინალში მოვხვედრილიყავით და ეს შედეგი მიგვეღო. პირადად მე, ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით. რამდენიმე მატჩია ჩვენ კარში გოლი საერთოდ არ გაგვიშვია, ეს მეტყველებს ჩვენს მონდომებაზე. ყოველთვის მაქსიმუმს ვდებთ, ხან გამოგვდის თამაში, ხან არა, მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილები ვართ. ვფიქრობ, გარდამტეხი მომენტი პენალტი რომ დაინიშნა მაშინ იყო, ძალიან ვინერვიულე რომ ვერ გაგვეტანა. ჩემი აზრით, ეს იყო გამარჯვების გოლი. მადლობელი ვარ, რომ იფიქრეს მე უნდა ვყოფლიყავი ფინალის საუკეთესო მოთამაშე. ძალიან მომწონს ეს ტურნირი თავისი ორგანიზებით“.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატ ჯორჯიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე სამწლიანი ასპარეზობის მანძილზე თასის მოპოვება პირველად შეძლო.  



  © SBM, 2016-2024