ვერცხლის ლიგის საუკეთესო შვიდეული!
ყველა სიახლევერცხლის ლიგის 2021 წლის სეზონის ჩემპიონის ტიტული საპატრულო პოლიციის გუნდმა პენალტების სერიაში მოიპოვა.
ფინალურ დაპირისპირებაში პატრულის მეტოქე ბანკი ქართუ იყო. დაძაბული და სანახაობრივი მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. ოცდამეათე წუთზე „ბანკირები“ დავით აბეჩხრიშვილმა დააწინაურა. თამაშში წონასწორობა ავტოგოლით აღდგა. დამატებით ორ ხუთწუთიან ტაიმში კი გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო და გამარჯვებული შვიდმეტრიანების სერიაში გამოვლინდა, სადაც პატრულმა 5-4 იმარჯვა.
ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებულები დასახელდნენ: საუკეთესო მეკარე დავით ნიკოლაიშვილი (ქართუ) გახდა. საუკეთესო მცველის ჯილდო ნიკოლოზ თოდუას (ქართუ) გადაეცა. საუკეთესო უნივერსალად ირაკლი ქარჩავა (პატრული) დასახელდა. 7 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო ასისტენტი ლუკა გოგუაძეა (ენერგო-პრო). საუკეთესო თავდამსხმელის წოდება დავით აბეჩხრიშვილს (ქართუ) მიენიჭა. სეზონის ყველაზე მეტი, 19 გოლი, დიმიტრი დემურაშვილის (TTC) სახელზეა და საუკეთესო ბომბარდირის პრიზი სწორედ მან მოიპოვა. ვერცხლის ლიგის საუკეთესო მოთამაშედ რევაზ ინჯგია (პატრული) დასახელდა.
Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:
დავით აბეჩხრიშვილი, ქართუ: „მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, რადგან მიუხედავად პანდემიის გამო დაძაბული მდგომარეობისა, მაინც ვახერხებთ და ასე ვერთიანდებით. წინასწარ გვქონდა ტაქტიკა შემუშავებული და ჩვენი მიზანი დასახული, რასაც ვაკეთებდით. რაღაც მომენტებში არ გაგვიმართლა და მივედით პენალტებამდე, რაც უკვე ლატარიაა. მადლობელი ვარ, საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდოსთვის, რაც დაფასებაა. ვეცდებით, შემდეგში ჩემპიონები გავხდეთ“.
ნიკოლოზ თოდუა, ქართუ: „პატრულს ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას, სტაბილურად და კარგად თამაშობდნენ. ზოგადად, შვიდმეტრიანი დარტყმები ისეთი შემთხვევაა, ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება მოიგოს. ვთვლი, რომ ჩვენი თამაშით მაქსიმალურად შევძელით ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენა. მთელმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. სწორედ ეს აჩვენებს იმას, რომ ფეხბურთი ჩვენთვის სპორტზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე მეტია. ვფიქრობ, რომ ქართუსთვის წარმატებული ტურნირი იყო. სამწუხაროა, რომ უკვე მეორედ ვმარცხდებით შვიდმეტრიანების სერიაში, შარშან ბრინჯაოს ლიგაში, წელს ვერცხლის, მაგრამ ფინალში თამაში უკვე წარმატებაა“.
დავით ნიკოლაიშვილი, ქართუ: „სანახაობრივი და დაძაბული თამაში გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ პატრული უპირობო ფავორიტად იყო მიჩნეული არაფერი დაგვითმია და ცოტა გამართლებაც რომ ჩვენს მხარეს ყოფილიყო, ალბათ, ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებდით თამაშს. რაც შეეხება საუკეთესო მეკარეობას, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს დაფასებისთვის. ბევრად ბედნეირები ვიქნებოდით, თუ ოქროს მედლებსაც წავიღებდით, მაგრამ აქამდე ორჯერ გაგვიმართლა პენალტებში და ამჯერად აღარ. პატრულმაც ძალიან კარგად შეასრულა ყველა დარტყმა“.
რევაზ ინჯგია, პატრული: „ფინალისთვის იდეალური და კონკურენტული თამაში შემოგვთავაზა მოწინააღმდეგემ. ქართუმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამარჯვება მოეპოვებინათ, მაგრამ ფინალია და ამ დაძაბულ ბრძოლაში ჩვენ უფრო გაგვიმართლა. მინდა მადლობა გადავუხადო საპატრულო პოლიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და მივულოცო ეს გამარჯვება. საუკეთესო მოთამაშედ დასახელება სასიამოვნოა. ჯერ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, არის გამარჯვების ემოცია და შემდეგ ამას ემატება მთელი ტურნირის განმავლობაში კარგად ასპარეზობის დაფასება, რაც სასიხარულოა“.
პატრულმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე რიგით მეთერთმეტე ასპარეზობა ვერცხლის ლიგის ჩემპიონობით დაასრულა და აქტივში ოქროს ლიგის ორ თასსა და თასის გათამაშების ორგზის გამარჯვებულის ტიტულებს მორიგი გამარჯვება შემატა.