ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო მოთამაშეები!

ყველა სიახლე
01 აგვისტო 2021

ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო მოთამაშეები!

ბრინჯაოს ლიგის 2021 წლის სეზონის ჩემპიონი ნიკორა გახდა. გუნდმა სადებიუტო გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა და პირველივე წელს თასი აღმართა.

ფინალურ მატჩში ნიკორას მეტოქე მიქსორი იყო, რომელმაც პირველ ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა (3-0). ნიკორამ მეორე ნახევარში შეძლო თამაშის თავის სასარგებლოდ მოტრიალება. პირველი ბურთი ნიკა ჯოლოხავამ გაქვითა, რის შემდეგაც დუბლი გიორგი დვალმა გაიფორმა და წონასწორობა აღადგინა. ნიკორა შოთა უშარაულის ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დაწინაურდა. საბოლოო ანგარიში, 5-3, ირაკლი დევიძემ დააფიქსირა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ბრინჯაოს ლიგის წლევანდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ: საუკეთესო მეკარე ნოდარ სიხარულიძე (მიქსორი) გახდა. საუკეთესო მცველის ჯილდო ვლადიმერ გედევანიძეს (ნიკორა) გადაეცა. საუკეთესო უნივერსალად ლევან კახობერაშვილი (მიქსორი) დასახელდა. 5 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო ასისტენტი შოთა უშარაულია (ნიკორა). საუკეთესო თავდამსხმელის წოდება ნიკა ჯოლოხავას (ნიკორა) მიენიჭა. სეზონის ყველაზე მეტი, 10 გოლი, ვასილ კენჩხაძის (მიქსორი) სახელზეა და საუკეთესო ბომბარდირის პრიზი სწორედ მან მოიპოვა. ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო მოთამაშედ შოთა უშარაული (ნიკორა) დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ „ნიკორა სუპერმარკეტმა“ თავის გუნდს 10 000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი გადასცა.

Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენატრებს:

ვასილ კენჩხაძე, მიქსორი: „კარგი თამაში იყო. უპირატესობა მოვიპოვეთ თავიდან, მაგრამ სწრაფი გოლები გავუშვით და სულ რაღაც 5 წუთში შემოგვიტრიალეს თამაში. ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. სეზონი თავიდან ცოტა რთულად დავიწყეთ, შემდეგ მოვიგეთ თამაშები და ფინალშიც გავედით. პირველი სეზონია ჩვენთვის და ფინალიც დიდი მიღწევაა. იმედია, მომდევნო სეზონში მეტ წარმატებას მივაღწევთ“.

ლევან კახობერაშვილი, მიქსორი: „პირველ რიგში, ნიკორას ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. დაძაბული თამაში იყო, ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ ალბათ დავკარგეთ კონცენტრაცია და დავთმეთ მატჩი“.

ვლადიმერ გედევანიძე, ნიკორა: „დებიუტანტები ვიყავით წელს. ნიკორა პირველად გამოდიოდა ისეთ ტურნირზე, როგორიც ბიზნეს ლიგაა. საკმაოდ დატვირთული სეზონი გამოგვივიდა. მონდომებით მოვედით ფინალამდე. ფინალში დამაჯერებლად ვერ გავიმარჯვეთ, რადგან რთული მეტოქე გვყავდა. 

თავიდან ანგარიშიც ვერ წავიყვანეთ, მაგრამ ბოლოს შევძელით ჩვენთვის სასურველი შედეგის დაფიქსირება. მოხარული ვარ, რომ წლის საუკეთესო მცველი გავხდი. გავაგრძელებთ სვლას, შემდეგში ალბათ უფრო მაღალ ლიგებზე - ვერცხლის ან ოქროს ლიგაზე, ვფიქრობთ, რომ შემდეგში იქით ვიასპარეზოთ“.

შოთა უშარაული, ნიკორა: „ვულოცავ მთლიან ნიკორას კოლექტივს ამ გამარჯვებას და დიდ მადლობას ვუხდი მათ. ლიგის დებიუტანტები ვიყავით და საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ სეზონი, საბოლოოდ ეს შედეგმაც აჩვენა, ნიკორას გუნდი ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონია. ძალიან დაძაბული ტურნირი იყო, ძლიერი გუნდები გამოდიოდნენ. ფინალის პირველი ტაიმი 3-0 წავაგეთ, მაგრამ ნიკორამ მაინც შეძლო თავის თავში ძალა ეპოვა და ეს თამაში შემოვაბრუნეთ. ჩვენს ზურგს უკან ბევრი ადამინი დგას და მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ინდივიდუალური ჯილდოც სასიამოვნოა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პრიზი არ არის, თითოეული მოთამაშე ჩვენს გუნდში იმსახურებს მას“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ორივე გუნდისთვის წარმატებული გამოდგა - მიქსორმა ვერცხლის მედლები მოიპოვა, ნიკორა კი ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონი გახდა.



  © SBM, 2016-2024