პატრული ვერცხლის ლიგის გამარჯვებულია!
ყველა სიახლევერცხლის ლიგის 2021 წლის სეზონის ჩემპიონი საპატრულო პოლიციის გუნდი გახდა.
ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს პატრული და ბანკი ქართუ შეხვდნენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. პირველი ნახევარი, აქტიური შეტევების მიუხედავად, გოლის გარეშე მიილია. ოცდამეათე წუთზე „ბანკირები“ დავით აბეჩხრიშვილმა დააწინაურა. თამაშში წონასწორობა ავტოგოლით აღდგა. დამატებით ორ ხუთწუთიან ტაიმში გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო და გამარჯვებული შვიდმეტრიანების სერიაში გამოვლინდა, სადაც პატრულმა 5-4 იმარჯვა.
Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარს:
ირაკლი ქარჩავა, პატრული (ვერცხლის ლიგის საუკეთესო უნივერსალი): „საპატრული პოლიციისათვის ძალიან ნაყოფიერი წელი იყო. რთული თამაშები გვქონდა. რაც წლები გადის, SBM უფრო აუმჯობესებს ჩემპიონატს, შესაბამისად, თამაშების ხარისხიც იმატებს.
რაც შეეხება დღევანდელ ფინალს, ვიცოდით, რომ დაძაბული იქნებოდა, მაგრამ ეს დაძაბულობა ბოლო წამებამდე თუ გაგრძელდებოდა, არ ველოდით. მადლობელი ვარ, ასეთი კარგი ტურნირის ჩატარებისთვის, რომლიც მთელი წლის განმავლობაში ყველას აძლევს საშუალებას თავისი თავი გამოავლინოს. ჩვენს გულშემატკივრებსაც მადლობას გადავუხდი და კიდევ ერთხელ მივულოცავ საპატრულო პოლიციას დღევანდელ გამარჯვებას.
პირადი ჯილდოს გამო გახარებული ვარ, ჩემთვის კიდევ ერთი სტიმულია ვიბრძოლო უფრო დიდი წარმატებისთვის. ეს თასი არასდროს მოგვიგია და ჩვენს კოლექციას კორპორაციული ვერცხლის ლიგის თასიც შევმატეთ.“
საპატრულო პოლიციის გუნდმა ორგზის ოქროს ლიგისა და თასის გათამაშების გამარჯვებულის ტიტულებს ვერცხლის ლიგის ჩემპიონობაც შემატა.