ქართუ ვერცხლის ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!
ყველა სიახლექართუ ბანკი ვერცხლის ლიგის ფინალში ითამაშებს. ½ ფინალის განმეორებით მატჩში ქართუმ ბეთლაივს პენალტების სერიაში 2-1 აჯობა.
შეხვედრის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. ოცდამერვე წუთზე გიორგი ჩიკვილაძემ „ბანკირები“ დააწინაურა, მაგრამ ოცდაათ წამში „ბუკმეიკერებმა“ ლევან აბრამიშვილის გოლით წონასწორობა აღადგინეს და მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც წინ გასვლა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო და ფინალისტი საფეხბურთო ლატარეაში გამოვლინდა. კროკობეთს ჩემპიონობაში TTC-სა და პატრულის წყვილს შორს გამარჯვებული შეეცილება.
დღის სხვა შეხვედრაში კროკობეთსა და არმიას შორის დაძაბული თამაშის შემდეგ ოქროს ლიგის მეორე ფინალისტი გამოვლინდა. მატჩის ძირითადი დრო 3-3 დასრულდა, დამატებით ხუთწუთიან ტაიმებში კი „ბუკმეიკერების“ რიგებიდან თეიმურაზ ჯაფარიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და კროკო ფინალში გავიდა (1-0), სადაც კავკასიის ავტო იმპორტს დაუპირისპირდება.
მერვე წუთზე კროკო ლევან კუჭაშვილმა დააწინაურა. „ძალოვნები“ მეორე ტაიმში ლიდერობდნენ, მაგრამ გიორგი კუხალაშვილის დუბლით კროკომ უპირატესობა დაიბრუნა. არმიამ ანგარიში მეორედ შეხვედრის დასრულებამდე ოცდაათი წამით ადრე გათანაბრა და შესაბამისად, ფინალისტი დამატებით დროში გამოვლინდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი კუხალაშვილი, კროკობეთი: „ძალიან რთული თამაში იყო. პირველი შეხვედრიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ ფავორიტები ჩვენ ვიყავით. აისახა კიდევაც ეს თამაშში. ჩემი გოლები, ასე თუ ისე, გარდამტეხი აღმოჩნდა, მაგრამ ძირითადი დროის ბოლო წამებში კონცენტრაცია დავკარგეთ და ანგარიში გაგვითანაბრეს. უკვე მესამე წელია ჩვენი ადგილი ფინალშია და ვეცდებით, რომ ჩემპიონები გავხდეთ. კავკასიის ავტო იმპორტი ძალიან ძლიერი გუნდია. თანაბარი თამაში იქნება და ვემზადებით ფინალისთვის“.
მამუკა ამაშუკელი, არმია: „როგორც იტყვიან, ბურთი მრგვალია. ვერ ვიტყვით, რომ მოწინააღმდეგე გვჯობდა, მაგრამ ჩვენ ერთადერთი რაც დაგვაკლდა, ეს იღბალია. ვფიქრობ, რადგან ჩვენი ბარიერი გაიარა მეტოქემ, ჩემპიონებიც გახდებიან. მათ წარმატებებს ვუსურვებ“.
ოქროს ლიგის ფინალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 25 ივლისს გაიმართება.