კავკასიის ავტო იმპორტი ოქროს ლიგის ფინალშია!

ყველა სიახლე
11 ივლისი 2021

კავკასიის ავტო იმპორტი ოქროს ლიგის ფინალშია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წ.წ. სეზონის პლეი ოფის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს. ოქროს ლიგაში კავკასიის ავტო იმპორტსა და შემოსავლების სამსახურს შორის ½ ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც CAI-მ 3-0 იმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ნიკა ენუქიძემ ავტო იმპორტი მეთოთხმეტე წუთზე დააწინაურა. შემოსავლების სამსახურის შეტევები მეორე ნახევარში უფრო ინტენსიური გახდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გიორგი მაჩხანელმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მალევე ლაშა ჯოხაძემ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დღის სხვა შეხვედრაში ბრინჯაოს ლიგის პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ნიკორამ მეიჯერელს კვლავ კომფორტული სხვაობით სძლია და დასკვნით ეტაპზე ითამაშებს. ირაკლი დევიძემ ნიკორა მესამე წუთზე დააწინაურა. ნიკა ჯოლოხავამ ზედიზედ სამი გოლი გაიტანა და ჰეთრიკი გაიფორმა. ერთი ბურთია მიხეილ პოპიაშვილის სახელზე. საბოლოოდ, ნიკორამ მეტოქე 5-1 დაამარცხა. იგი ფინალში მიქსორისა და ბაქსვუდის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სათამაშო დღე კავკასიის ავტო იმპორტის თასის გათამაშების მეოთხედფინალით დაიწყო. ICR-მა NGT-სთან სოლიდური უპირატესობით 10-1 იმარჯვა და ½ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი მაჩხანელი, CAI: ასეთი ძალისმიერი თამაშები ჯერ არ გვქონია, რაც ამ ჩემპიონატზე გამოვდივართ. შარშან ვერცხლის ლიგა მოვიგეთ, არც მაშინ და არც წელს ასეთი ბრძოლისუნარიანი გუნდი არ შეგვხვედრია. არ გაუმართლათ, ბევრი ბურთი ძელს გაარტყეს, მაგრამ ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები და ოდნავ ვაჯობეთ. მეორე გოლმა გარდატეხა გამოიწვია, მაგრამ რომც ვერ გამეტანა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ანგარიშს შევინარჩუნებდით. ფინალისთვის მოვემზადებით და ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ. მეტოქეს წარმატებებს ვუსურვებ“.

ოქროს ლიგის მეორე ფინალისტი კროკობეთსა და არმიას შორის დღეს გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024