ილიაუნი 2 ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებულია!

ყველა სიახლე
10 ივლისი 2021

ილიაუნი 2 ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებულია!

ილიაუნი ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის ჩემპიონია.

ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა ილიაუნი 2-მა არმიას სოლიდური უპირატესობით 7-1 სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სეზონის დასკვნითი შეხვედრა „სტუდენტების“ სრული დომინირებით წარიმართა. ანგარიში მესამე წუთზე ნიკოლოზ ბოლქვაძემ გახსნა. მალევე საბა მაჩიტიძემ დუბლი გაიფორმა, სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა, სეზონის ერთიან აქტივში 33-ე გოლი მიითვალა და ბომბარდირიც გახდა. მეორე ტაიმის სტარტზე ლაშა ფოფხაძემ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა ეს „ძალოვნების“ მხრიდან ერთადერთი საპასუხო გოლი აღმოჩნდა და ილიაუნიმ თამაშის დასრულებამდე სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო სერიის პირველი მატჩი არმიელთა გამარჯვებით დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში ილიაუნი 2-მა წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ სეზონი ტირუმფით დაასრულა.

ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე საბა მაჩიტიძე გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

საბა მაჩიტიძე, ილიაუნი 2: „პირველ რიგში, მინდა ბიჭებს მივულოცო გამარჯვება. მართლაც დავიმსახურეთ. კარგად ვითამაშეთ მთელი რეგულარული სეზონი, რომელიც პირველ ადგილზე დავამთავრეთ. 1/2 ფინალში პირველი თამაში წავაგეთ, მაგრამ შემდეგ ჩვენი მოტივაციის ხარჯზე მოვიგეთ. საფინალო სერიაც მსგავსი იყო, დავთმეთ პირველი მატჩი. შემდეგ შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები და შედეგიც სახეზეა. ორი თამაში მოვიგეთ ზედიზედ და დავეუფლეთ ლიგა 2-ის ტიტულს.

ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და სიხარულია ერთდროულად სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება და ბომბარდირობა. ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება შეიძლება იყოს, არა მხოლოდ ჩემი. კარგი და სანახაობრივი სეზონი გამოვიდა, რისთვისაც მადლობელი ვარ“.



  © SBM, 2016-2024