ბსსა-მ სადებიუტო სეზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა!

ყველა სიახლე
10 ივლისი 2021

ბსსა-მ სადებიუტო სეზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის ბრინჯაოს მედლების მფლობელი დებიუტანტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი გახდა.

მესამე ადგილისთვის გამართული სერია სამ მატჩამდე გაგრძელდა. ბსსა-სა და ევროპის უნივერსიტეტის სანახაობრივი ბრძოლის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. დამატებით დროში წინ გასვლა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო და საბოლოოდ „მეზღვაურებმა“ გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვეს, სადაც მეტოქეს 5-4 აჯობეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი ევროპის უნივერსიტეტის მინიმალური უპირატესობით წარიმართა. ერთადერთი  გოლის ავტორი აველო კიკვაძე გახდა. ძირითადი დროის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ნიკა მოისწრაფეშვილმა წონასწორობა აღადგინა და გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა ორი ხუთწუთიანი დამატებითი ტაიმი, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი „საფეხბურთო ლატრეაში“ გამოვლინდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ქურხული, EU: „ჩვენი სეზონი ასე თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი მიზანი ჩემპიონობა იყო, მაგრამ არ გამოვიდა. შემდეგ არც მესამე ადგილი გამოვიდა. სამივე თამაში დაძაბული იყო. ჩვენი თამაში თავიდანვე ხუთზე შეტევით იყო აწყობილი და გვინდოდა, რომ უპირატესობა მოგვეპოვებინა. ეს ყველაფერი თითქმის ბოლომდე გამოგვივიდა, მაგრამ პენალტების სერიაში არ გაგვიმართლა. მომდევნო სეზონიდან უფრო მეტი შემართებით და გაძლიერებულები ვიქნებით“.

ჯონი უბილავა, ბსსა: „მინდა აღვნიშნო, რომ მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით. ერთადერთი, რაც ჩვენს მხარეს არ იყო, ეს იღბალია და საბოლოო ჯამში პენალტების სერიამდე მივიდა საქმე. ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო და წარმატებას მივაღწიეთ. ეს ჩვენთვის სადებიუტო ტურნირი იყო და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ბრინჯაოს მედლები ჩვენთვის, გარკვეულწილად, წარმატებაა“.

ილიაუნი 2-სა და არმიას შორის საჩემპიონო სერიის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, სადაც ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებული გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024