ჩემპიონი 10 ივლისს გამოვლინდება!

ყველა სიახლე
07 ივლისი 2021

ჩემპიონი 10 ივლისს გამოვლინდება!

ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებული გადამწყვეტ მატჩში 10 ივლისს გამოვლინდება.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საჩემპიონო სერიის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. ილიაუნი 2-ისა და არმიას დაპირისპირება დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ „სტუდენტებმა“ მეტოქე 5-2 დაამარცხეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

ირაკლი ლატარიამ „ძალოვნები“ მესამე წუთზევე დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე ილიაუნიმ წონასწორობა აღადგინა, მეორე ნახევრის სტარტიდან რამდენიმე წუთში კი წინ გავიდა. არმიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მაგრამ საბა მაჩიტიძემ დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გაიტანა და ჰეთრიკი გაიფორმა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში გურამ ნადარეიშვილმა დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ირაკლი ლატარია, არმია: „დღეს ილია ჩვენზე მეტად მოტივირებული იყო. დღეს მწვრთნელის დავალებები ვერ შევასრულეთ. გოლის გატანის მერე დავიჯერეთ, რომ რაღაც უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ ილიაუნიმ მოუმატა თამაშს და ვფიქრობ, რომ დამსახურებულად მოიგეს. შაბათს ძალიან რთული თამაში იქნება. ამ ორი მატჩისგან რადიკალურად განსხვავებული. იქაც ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის“.

დავით თაბაგარი, ილიაუნი 2: „ორი თამაშია ორივე გუნდი ბოლომდე ვიბრძვით. ვთვლი, რომ ჩემპიონატის უძლიერესი გუნდები შევხვდით ერთმანეთს. ერთმანეთზე უკეთესი თამაშები გვქონდა და დარწმუნებული ვარ, მესამე მატჩშიც არ დავზოგავთ თავებს. დღეს სხვა გზა არ გვქონდა, უნდა მოგვეგო აუცილებლად, რადგან გვინდა, რომ ჩემპიონები გავხდეთ. ვფიქრობ, წინა თამაშთან შედარებით უფრო კონცენტრირებულები გამოვედით.ვეცდებით, შემდეგი შეხვედრისთვის უკეთესად მოვემზადოთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტულის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გუნდები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 10 ივლისს გამოვლინდებიან.



  © SBM, 2016-2024