"მეზღვაურებმა" EU-სთან სერიაში წონასწორობა აღადგინეს!

ყველა სიახლე
07 ივლისი 2021

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები მიმდინარეობს.

მესამე ადგილისთვის გამართულ მეორე დაპირისპირებაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ევროპის უნივერსიტეტთან რევანში აიღო 7-4 იმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ფუტსალის ლიგა 2-ის ბრინჯაოს მედლების მფლობელი გუნდი 10 ივლისს გადამწყვეტ თამაშში გამოვლინდება.

„მეზღვაურებმა“ პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. მეშვიდე წუთიდან მოპოვებული უპირატესობა ბათუმის აკადემიას ბოლომდე არ დაუთმია და მთელი თამაში ლიდერობდა. მალხაზ შამილაძე გუნდს გამარჯვებაში სამი გოლით დაეხმარა. EU-ს რიგებიდან ორი ბურთი აველო კიკვაძემ გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

აველო კიკვაძე, EU: „ვიცოდით, რომ ძალიან მძიმე და დრამატული თამაში იქნებოდა. ცოტა მომზადება დაგვაკლდა. გარდამტეხი მომენტი იყო მეოთხე გოლზე, მერე უკვე გვაჯობეს. როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში მცირე დეტალები დაგვაკლდა, ასე ვთქვათ, დაბოლოებები. შაბათს იქნება გადამწყვეტი თამაში და მაქსიმალურად მოვემზადებით. ორივე ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ“.

მალხაზ შამილაძე, ბსსა: „თავიდანვე უპირატესობას ვფლობდით. მთელი თამაში ჩვენი კარნახით მიდიოდა. არც ჩამორჩენა გვქონია და პირველი გოლის გატანის შემდეგ ფრეც არ ყოფილა. ეს იმან გამოიწვია, რომ მობილიზებულები გამოვედით. გვჭირდებოდა ეს მოგება რომ სერია გადაგვერჩინა. ვეცდებით 10-ში ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ. შეტევაში მომატებული გვაქვს, მაგრამ დაცვითი თამაშის პრობლემაა. თუ ვიტანთ შვიდს, აუცილებლად ვუშვებთ თითქმის ამავე რაოდენობის ბურთს, რაც გამოსასწორებელი გვაქვს“.

დღესვე გაიმართება საჩემპიონო სერიის მეორე მატჩიც. არმიამ ილიაუნი 2-ს ერთი შეხვედრა უკვე მოუგო და გამარჯვების შემთხვევაში ფუტსალის ლიგს 2-ის ტიტულის მფლობელი გახდება.



  © SBM, 2016-2024