ავტო იმპორტმა RS ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის სეზონში ½ ფინალური შეხვედრები დაიწყო.
ოქროს ლიგაში გამართული მატჩები დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. კავკასიის ავტო იმპორტმა ბოლო წამებზე გატანილი გოლით შემოსავლების სამსახურთან პირველი შეხვედრა 3-2 მოიგო და სერიაში დაწინაურდა. პირველ ტაიმში ანგარიში ნიკოლოზ დაჩანიძემ გახსნა და RS წინ გაიყვანა. ოცდამეცხრე წუთზე ლაშა ჯოხაძემ წონასწორობა აღადგინა. მალევე, იასონ ხუნდაძემ თავის გუნდს უპირატესობა დაუბრუნა, მაგრამ ვიტალი ხუდოიანმა ანგარიში კვლავ გაათანაბრა, საფინალო სასტვენამდე ოცი წამით ადრე კი ნიკა ენუქიძემ CAI-სთვის გამარჯვების გოლი გაიტანა.
ოქროს ლიგის სხვა შეხვედრაში კროკობეთმა არმიასთან ანგარიში ოცდამეთხუთმეტე წუთზე გაათანაბრა და მას შემდეგ გუნდებს გოლი არ გაუტანიათ. მესამე წუთზე ავტოგოლით დაწინაურებულ არმიასთან წონასწორობა ლევან კუჭაშვილმა აღადგინა და პირველი ნახევარფინალი 1-1 დასრულდა.
ვერცხლის ლიგის დაპირისპირებაში ბანკი ქართუსა და ბეთლაივის მატჩიც ფრედ 1-1 დასრულდა. დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წამებზე გაიხსნა - „ბუკმეიკერები“ ბექა დავითაშვილმა დააწინაურა. თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი დავით აბეჩხრიშვილმა წონასწორობის აღდგენა მოასწრო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკოლოზ დაჩანიძე, RS: მოწინააღმდეგე ძალიან სტაბილური და კარგი გუნდია. ვულოცავ გამარჯვებას. ვიბრძოლეთ, წინ ვიყავით ორჯერ. ბოლო მომენტში ალბათ ბრძოლის ხარჯზე გვაჯობეს. მანამდე პენალტიც ვერ გავიტანეთ, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი. ვეცდებით, მეორე თამაშში ყველაფერი ჩავდოთ და ფინალში გავიდეთ“.
ლაშა ჯოხაძე, CAI: „მადლობა მეტოქეს. თანაბარი თამაში იყო. ვიბრძოლეთ ორივე გუნდმა. საბოლოოდ ჩვენ უფრო გაგვიმართლა. კაცი გაგვიგდეს და პენალტი ვერ გამოიყენეს, ალბათ იღბალი ამ თამაშში ჩვენკენ იყო. გამოცდილებისა და მეტი მონდომების ხარჯზე დამსახურებულად მოვიგეთ. შემდეგი შეხვედრა წინ არის. მარტივი გასეირნება არ გვექნება, ისევ დაძაბული თამაში იქნება. უფრო კარგად მოვემზადებით და ვეცდებით ის თამაშიც მოვიგოთ“.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები ორმატჩიანია.