CAI CUP: ყველა 1/4 ფინალისტი ცნობილია!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი კავკასიის ავტო იმპორტის თასის გათამაშებამ აიღო. მერვედფინალური შეხვედრების შემდეგ მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირებული გუნდები გამოვლინდნენ.
ფარვანა 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში ლიბერთი ბანკს შეხვდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. ორივე გოლი თამაშის პირველ ნახევარში გავიდა. რაფიკ მარკარიანის გოლს "ბანკირების" რიგებიდან თორნიკე წინწკალაძემ უპასუხა. გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ფარვანას მეკარემ ორი შვიდმეტრიანი დარტყმა მოიგერია და ლიბერთი პენალტებში 2-0 დამარცხდა.
აჭარაბეთისა და ICR-ის დაძაბული შეხვედრა ICR-ის სასარგებლოდ 2-1 დასრულდა. პირველმა ტაიმმა გოლის გარეშე ჩაიარა. თამაშის განახლებიდან მალევე ალექსანდრე ღვინიაშვილმა „ბუკმეიკერები“ დააწინაურა, მოგვიანებით მისივე ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა. ოცდამეცამეტე წუთზე დიმიტრი მაყიშვილის გოლით ICR წინ გავიდა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
სასტარტო მატჩში საქართველოს ბანკმა ავერსთან კარი მშრალად შეინახა, 2-0 იმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა. გიორგი ღონღაძემ „ბანკირები“ მეთოთხმეტე წუთზე დააწინაურა. მეორე ტაიმში კი საბოლოო ანგარიში ილია ქემაშვილმა დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
დიმიტრი მაყიშვილი, ICR: „ძალიან რთული მეტოქე გვყავდა, რაც თამაშზეც აისახა. მეორე ტაიმის დასაწყისში გავუშვით სწრაფი ბურთი, მაგრამ ფსიქოლოგიურად მაინც მყარად დავრჩით. გვჯეროდა მოგების და ამ ჟინის ხარჯზე მოვიპოვეთ კიდეც გამარჯვება. მეოთხედფინალში ყველა შემთხვევაში რთული თამაში იქნება. ვეცდებით, მეტოქეზე სწორი დასკვნები გამოვიტანოთ“.
CAI CUP-ის ¼ ფინალში საქართველოს ბანკი NS Studio-ს დაუპირისპირდება, ენერგო პრო დიპლომატ ჯორჯიას შეხვდება, ICR მომდევნო ეტაპის საგზურისთვის NGT-სთან იბრძოლებს, ფარვანა კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს გაეჯიბრება.