საჩემპიონო სერიის პირველ შეხვედრაში არმიამ იმარჯვა!

ყველა სიახლე
03 ივლისი 2021

საჩემპიონო სერიის პირველ შეხვედრაში არმიამ იმარჯვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის პირველ ფინალურ დაპირისპირებაში არმიამ ილიაუნი 2 მძიმე ბრძოლაში 8-6 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.

საოცრად დრამატული შეხვედრა უხვგოლიანი და სანახობრივი გამოდგა. არმიამ თამაშში ორბურთიანი ჩამორჩენა ორჯერ აღმოფხვრა. „სტუდენტები“ მეორე ტაიმის ბოლომდე მეტოქესთან არ მარცხდებოდნენ, მაგრამ ბაკურ ნანეიშვილმა ოცდამეთხუთმეტე წუთზე დუბლი გაიფორმა და „ძალოვნები“ შეხვედრაში პირველად დაწინაურდნენ. არმიამ უპირატესობა დარჩენილ დროში შეინარჩუნა და საბოლოოდ ორბურთიანი სხვაობით იმარჯვა. ილიაუნის რიგებიდან ორი ბურთი ნიკოლოზ ბოლქვაძის ანგარიშზეა. ჰეთრიკი შეასრულა არმიელთა კაპიტანმა, გიგა ბერაიამ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

საბა მაჩიტიძე, ილიაუნი 2: „არმიამ ღირსეულად გაიმარჯვა, ბოლომდე იბრძოლეს. ჩვენ თამაშს რაც შეეხება, ბევრი შეცდომები დავუშვით. ვერ გამოვიყენეთ ასპროცენტიანი მომენტები, რის გამოც შემდეგ დავისაჯეთ. თამაში ისეთი იყო, როგორიც ფინალს შეშვენის. პირველი ტაიმის ბოლოს გავიტანეთ გოლი და მეორე ნახევარში უფრო მოტივირებულები გამოვიდნენ არმიელები. ორჯერ ვიყავით წინ, მაგრამ არმიის მუხტმა, ენერგიამ და კარგმა თამაშმა ეს შედეგი განაპირობა“.

გიგა ბერაია, არმია: „ძალიან კარგი თამაში იყო. ბევრი გოლი გავიდა. ილიაუნი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მწვრთნელების დარიგებების რეალიზება შევძელით. მოვინდომეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ და თამაში ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნეთ.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თამაშის მოგება. შევეცდებით, მეორე შეხვედრაშიც იგივე მოტივაციით ვიყოთ. ილიაუნიმ ორჯერ დიდი ანგარიშით გვაჯობა და გვჭირდებოდა დღეს ეს მოგება. გამარჯვების გარდა სხვა გზა არ გვქონდა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალური სერიის მორიგი შეხვედრები 7 ივლისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024