RS ოქროს ლიგის ნახევარფინალში იასპარეზებს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. დღის დასკვნით მატჩში ქართუ ბანკი საქართველოს ბანკს დაუპირისპირდა, სერიაში ანგარიში გაათანაბრა, პენალტებში 3-2 მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ქართუ ვერცხლის ლიგის ფინალში გასასვლელად ბეთლაივს გაეჯიბრება.
„ბანკირების“ დერბი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ქართუმ ძირითად დროში 3-0 იმარჯვა, ორი დამატებითი ხუთწუთიანი ტაიმი კი გოლის გარეშე დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან თითო ბურთია ლევან გურგენიძის, იაგო სამსიანისა და ირაკლი სანიკიძის ანგარიშზე.
ოქროს ლიგაში შემოსავლების სამსახურმა ICR განმეორებით მატჩშიც დაამარცხა, ანგარიშით 3-2. პირველი ტაიმი RS-მა გია ნინოშვილის დუბლით მოიგო. გიორგი ჩოხელმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ იასონ ხუნდაძემ ორბურთიანი უპირატესობა კვლავ აღადგინა. ოცდამეთვრამეტე წუთზე ზურაბ შერმადინმა გოლი გაიტანა, თუმცა დარჩენილ დროში ICR-მა სცენარის შეცვლა ვერ მოასწრო.
ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალები ენერგო პროსა და პატრულის დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ შეხვედრაში ფრე 2-2 დაფიქსირდა, მაგრამ „ძალოვნებს“ პირველ მატჩში მოპოვებული გამარჯვების წყალობით უპირატესობა ჰქონდათ და ნახევარფინალის საგზური სწორედ მათ ერგოთ. რევაზ ინჯგიასა და ირაკლი ქარჩავას გოლებს ლუკა გოგუაძემ უპასუხა. შეხვედრაში წონასწორობა ავტოგოლით აღდგა. პატრული ვერცხლის ლიგის ფინალში გასასვლელად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს ეთამაშება.
ოქროს ლიგის დარჩენილი ერთი განმეორებითი შეხვედრა კავკასიის ავტო იმპორტსა და აჭარაბეთს შორის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 3 ივლისს გაიმართება. 4 ივლისიდან კი სტარტს ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ლიგის ½ ფინალები აიღებს.