NS Studio პლეი ოფს დრამატულ ბრძოლაში გამოეთიშა!

ყველა სიახლე
27 ივნისი 2021

NS Studio პლეი ოფს დრამატულ ბრძოლაში გამოეთიშა!

ბრინჯაოს ლიგაში ყველა ნახევარფინალისტი გამოვლინდა. დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად ნიკორას მეიჯერელი დაუპირისპირდება, ბაქსვუდი კი მიქსორს გაეჯიბრება.

განმეორებით შეხვედრაში NS Studio-მ მეიჯერელს დიდი ბრძოლა გაუმართა და მატჩის ძირითადი დრო 4-3 მოიგო. დაძაბულ თამაშში თავდაპირველად მეიჯერელი დაწინაურდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ანგარიში გათანაბრდა. მეორე ნახევარში კი NS Studio-მ უპირატესობა მოიპოვა. მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა დამატებით დროში გაირკვა. ალექსანდრე ქაჯაიამ ორმოცდამეექვსე წუთზე გატანილი გოლით დუბლი გაიფორმა და მეიჯერელს გამარჯვება მოუტანა (1-0).

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე ქაჯაია, მეიჯერელი: „ველოდით ასეთ დაპირისპირებას, რადგან პირველ თამაშში მეტოქემ აჩვენა, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ ამხელა წინააღმდეგობას თუ გაგვიწევდნენ, არ გვეგონა. პირველ მატჩში ორი გოლი უცებ გავუტანეთ, ამან დააბნია მეტოქე და ამის გამო დასრულდა მაღალი ანგარიშით. დღეს აბსოლუტურად თანაბარი თამაში იყო, დაძაბული. კარში დარტყმებიც თანაბრად გვქონდა. ბოლოს მაინც იღბალმა მოგვცა მეტი შანსი და დამატებით დროში გავიმარჯვეთ.

ვიცით, რომ ნიკორა ძალიან ძლიერი გუნდია. პრეტენდენტია ბრინჯაოს ლიგაში გამარჯვების და ჩვენ მოსაგებად მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

ლუკა ჩაგანავა, NS Studio: „დღევანდელ მარცხს დაღლილობას დავაბრალებდი. არ იყო სათადარიგო შემადგენლობა შესაფერისი, ძირითადი მოთამაშეები დაიღალნენ. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. შემოვაბრუნეთ ანგარიში. ალბათ ცოტა გამართლებზეც იყო. იმედი გვქონდა, რომ პენალტებამდე მივიდოდა თამაში, მაგრამ ვერ შევძელით. არაუშავს, პირველი წელია ჩვენთვის და თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით. თასზე გავაგრძელებთ ასპარეზობას, სადაც ძლიერი გუნდებიც არიან. ვიბრძოლებთ და იმედია, წარმატებას მივაღწევთ. ვფიქრობ, დღეს ამ სეზონზე საუკეთესო თამაში გვქონდა“.

ბრინჯაოს ლიგის 1/2 ფინალები 4 ივლისს გაიმართება. 



  © SBM, 2016-2024