ილიაუნი 2 ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს!

ყველა სიახლე
26 ივნისი 2021

ილიაუნი 2 ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს!

ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტულისთვის არმია და ილიაუნი 2 იბრძოლებენ.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ½ ფინალური სერიის მეორე გადამწყვეტ მატჩში ილიაუნი 2 ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა, 5-2 იმარჯვა და ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა. კარლო წვერავამ EU მეცამეტე წუთზე დააწინაურა. გურამ ნადარეიშვილმა პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა, მეორეს დასაწყისში კი ილიაუნი წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში საბა მაჩიტიძემაც დუბლი გაიფორმა. ერთი გოლია ნიკა ნოზაძის სახელზე.

ევროპის უნივერსიტეტი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთვება, სადაც მისი მეტოქე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი იქნება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

კარლო წვერავა, EU: „ძალიან დასანანი გოლი გავუშვით ბოლო წუთზე, რამაც დიდი მნიშვნელობა იქონია თამაშის მსვლელობაზე. მეორე ტაიმი რომ დაიწყო, მალევე გავუშვით და ფიზიკაში გვაჯობეს ძალიან. ძირითადის ორმა მოთამაშემ გამოტოვა მატჩი, თამაშის მსვლელობისასაც ერთი დაგვაკლდა და ფაქტობრივად, ძირითადი ბირთვიდან ოთხი კაცი დავრჩით. ჩემი აზრით, დამსახურებულად გაიმარჯვეს და ვულოცავ ილიას ფინალში გასვლას. ჩვენ          მესამე ადგილისთვის ბრძოლაზე გადავერთვებით. საპრიზო ადგილია და ვიბრძლებთ მის მოსაპოვებლად“.

გურამ ნადარეიშვილი, ილიაუნი2: „ურთულესი თამაში გამოვიდა. როგორც იცით, 1-1 იყო სერიაში ანგარიში და გადამწყვეტი მატჩი იყო. მოწინააღმდეგემ კარგად დაიწყო. ჩვენ თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ მობილიზება მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ. ფინალში ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანი თასის აწევაა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის 2 მოგებამდე გაგრძელდება. დასკვნითი ეტაპი სტარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 3 ივლისს აიღებს. შეგახსენებთ, რომ ევროპის უნივერსიტეტს ბრინჯაოს მედლებში ბათუმის აკადემია შეეცილება.



  © SBM, 2016-2024