დებიუტანტი არმია ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ფინალისტია!

ყველა სიახლე
26 ივნისი 2021

დებიუტანტი არმია ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ფინალისტია!

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალის პირველი საგზური დებიუტანტმა არმიამ მოიპოვა.

თბილისის ოლიმპიური სასახლე ფუტსალის ლიგა 2-ის ½ ფინალური სერიის გადამწყვეტ შეხვედრებს მასპინძლობს. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და არმიას წყვილში სერიის გასული ორი დაპირისპირებიდან ერთი ბათუმელთა სასარგებლოდ 4-1 დასრულდა, მეორეში „ძალოვნებმა“ იმავე ანგარიშით იმარჯვეს, დღეს კი გადამწყვეტ შეხვედრაში არმიამ მეტოქე 5-2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მატჩში ანგარიში მეთერთმეტე წუთზე არმიელთა მეკარემ, ვახტანგ ტერუნაშვილმა, გახსნა. მალევე მანვე თანაგუნდელ ლაშა ფოფხაძეს საგოლე პასი გაუკეთა და „ძალოვნების“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. „მეზღვაურებმა“ მეორე ტაიმში სხვაობა მინიმუმამდე ორჯერ შეამცირეს, მაგრამ წონასწორობა ვერ აღადგინეს და საფინალო სირენამდე ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზარდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ბაკურ ნანეიშვილმა გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ვახტანგ ტერუნაშვილი, არმია: „ჩვენ ყველანი ჯარისკაცები ვართ. ვიბრძოლეთ აქამდე მოსაღწევად. დიდი გზა გავიარეთ და ვფიქრობ, შეარაღებულ ძალებში პატარა ისტორია დავწერეთ. მადლობას ვუხდი თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც თვალს გვადევნებს და გვამხნევებს. ნორმალური შეხვედრა გამოვიდა. რაღაც პატარ-პატარა ხარვეზები მაინც იყო, მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგი შედეგი დავდეთ, რაც ნახევარფინალისთვის საკმარისი აღმოჩნდა“.

გიორგი აბუსელიძე, ბსსა: „მოგეხსენებათ, ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდისთვის წელს პირველი მცდელობაა ასეთ მასშტაბურ ტურნირში მონაწილეობა. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. დიდი გამოცდილება მივიღეთ. მომავალ წელს, გპირდებით, ვეცდებით, აუცილებლად ტრიუმფით დავასრულოთ ეს ტურნირი. მეტოქეს წარმატებას ვუსურვებ ფინალურ ეტაპზე. დღევანდელ შედეგს მცირედ უიღბლობას დავაბრალებდი. მოწინააღმდეგე გუნდის კარგი თამაშის გამო ვერ მოვახერხეთ გამარჯვება“.

გადამწყვეტი მატჩი გაიმართება მეორე ნახევარფინალურ წყვილშიც, სადაც არმიას ფინალური მეტოქე გამოვლინდება. ევროპის უნივერსიტეტი ფინალის საგზურისთვის ილიაუნი 2-თან იბრძოლებს.



  © SBM, 2016-2024