ბაქსვუდმა 1/2 ფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის სეზონის პლეი ოფის შეხვედრები მიმდინარეობს.
ბრინჯაოს ლიგაში ბაქსვუდმა და დიპლომატ ჯორჯიამ მეორე მეოთხედფინალური მატჩი გამართეს. პირველი შეხვედრის მსგავსად, თამაში გოლის გარეშე დასრულდა. გუნდებმა დამატებით ორ ხუთწუთიან ტაიმშიც ვერ შეძლეს წინ გასვლა. პენალტების სერიაში ბაქსვუდმა 2-1 იმარჯვა და ბრინჯაოს ლიგის ნახევარფინალში იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე ევროპაბეთსა და მიქსორს შორის გამოვლინდება, წყვილის პირველი დაპირისპირება მიქსორის სასარგებლოდ 2-1 დასრულდა.
ბრინჯაოს ლიგაში კიდევ ერთი ½ ფინალისტი გამოვლინდა. ნიკორასა და ინსტას წყვილში ნიკორას ტექნიკური მოგება ჩაეთვალა, პირველ მატჩში მოპოვებული სოლიდური გამარჯვების შემდეგ კი მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა. მისი მეტოქე მეიჯერელსა და NS Studio-ს შორის გამოვლინდება.
დღე ოქროს ლიგის ¼ ფინალური შეხვედრით დაიწყო. შემოსავლების სამსახურმა ICR-თან პირველ მატჩში კომფორტული უპირატესობით 3-0 იმარჯვა და სერიაში დაწინაურდა. RS მეექვსე წუთზე გია ნინოშვილმა წინ გაიყვანა, როსტომ მიქაუტაძემ და იასონ ხუნდაძემ კი სხვაობა სამამდე გაზარდეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ჯაბა ხანიაშვილი, დიპლომატი: ორივე თამაში კარგი გამოვიდა. ცოტა ასაკობრივ გუნდს ვხვდებოდით და ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. პენალტები ლატარიაა და ყველაფერი ხდება. ამ ტურნირის მოგება დიდწილად გადაწყვეტდა იმას, ვითამაშებთ თუ არა მომდევნო სეზონშიც, ამიტომ ძალიან გვინდოდა გამარჯვება. ეს ცალკე მოტივაცია იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. ერთადერთი თასზე გვაქვს შანსი, დავამტკიცოთ ის, რისი დამტკიცებაც აქ ვერ შევძელით“.
თენგიზ უგრეხელიძე, ბაქსვუდი: ფაქტობრივად, ოთხი ტაიმი ვითამაშეთ, თავისი დამატებითი დროით გოლის გაუშვებლად. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ვიყავით მოტივირებულები. ჩვენ თამაშს დადებითად შევაფასებდი. ფეხბურთია, დღეს ჩვენ ვიყავით უკეთესები და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. ნახევარფინალში ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მეტოქე ვინ იქნება. ფაქტობრივად, ფინალის ტოლფასი თამაშია, ასე რომ, ჩვენ მზად ვართ შემდეგი ეტაპისთვის სათამაშოდ“.