"ბანკირების" დერბი BOG-ის სასარგებლოდ დასრულდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის XII სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრები ვერცხლის ლიგის მატჩით დასრულდა. საქართველოს ბანკისა და ქართუ ბანკის დაძაბული დერბი BOG-ის სასარგებლოდ 3-5 დასრულდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე თამაშში პირველი ტაიმი ქართუს სასარგებლოდ 3-1 წარიმართა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი დავით ცხონდიამ გაიფორმა.
დღის სხვა შეხვედრაში მიქსორმა ევროპაბეთთან მინიმალური უპირატესობით 2-1 იმარჯვა. „ბუკმეიკერები“ რევაზ ბუგიანიშვილმა მერვე წუთზე დააწინაურა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ვასკა კენჩხაძემ წონასწორობა აღადგინა. თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ალექსანდრე როსტიაშვილმა ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ირაკლი გამყრელიძე, BOG: „ქართუმ საკმაოდ ძლიერ გუნდებს მოუგო, როგორიც არის, მაგალითად, კავკასიის ავტო იმპორტი და შესაბამისად, კარგი გუნდია. ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველი ტაიმი წავაგეთ. შემდეგ მოვიკრიბეთ ძალები, მწვრთნელმაც შესაბამისი დავალებები მოგვცა, რომელიც შევასრულეთ და ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა მატჩი. შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, ამიტომ ჩვენს შანსებს მეორე შეხვედრაშიც გამოვიყენებთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ფრეც გვაძლევს ხელს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად“.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური შეხვედრები ორმატჩიანია. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მორიგი დაპირისპირებები 20 ივნისს გაიმართება. ოქროს ლიგაში პლეი ოფი დაიწყება. ბრინჯაოს ლიგაში კი ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან.