ნახევარფინალურ სერიაში ბსსა დაწინაურდა!

ყველა სიახლე
12 ივნისი 2021

ნახევარფინალურ სერიაში ბსსა დაწინაურდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრები მიმდინარეობს.

სასტარტო მატჩში არმია ბათუმის სახელმწიფოს საზღვაო აკადემიის გუნდს დაუპირისპირდა და 4-1 დამარცხდა. „მეზღვაურებმა“ უპირატესობა მეთერთმეტე წუთზე მოიპოვეს. ბაკურ ნანეიშვილმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინა, მაგრამ სამწუთიან ინტერვალში ნუკრი გოგუაძემ დუბლი გაიფორმა და ბსსა კვლავ წინ გავიდა. მატჩის საბოლოო ანგარიში მალხაზ შამილაძემ დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

მალხაზ შამილაძე, ბსსა: „რეგულარული სეზონიდან მოყოლებული ამ თამაშისთვის ვემზადებოდით. ბოლოს წინა დაპირისპირება ჩვენს დღევანდელ მეტოქესთან, არამიასთან, გვქონდა. მას შემდეგ გავაანალიზეთ ყველაფერი და შევისწავლეთ მოწინააღმდეგე. თავიდან ცოტა რთულად დავიწყეთ, შემდეგ გოლი გავიტანეთ და ამან იღბალიც შეგვმატა. მეორე ტაიმში ანგარიში გათანაბრდა და იყო რთული მომენტებიც, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ გამარჯვება. ფინალს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ამ მოგებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ“.

ლაშა ფოფხაძე, არმია: „დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის გაკვეთილი იქნება. ჩვენ ჯარისკაცები ვართ და არასდროს ვნებდებით. პირობას ვდებთ, რომ გამოვასწორებთ დღევანდელ შეცდომებს და ფინალში აუცილებლად გავალთ. დღეს არ იყო ჩვენი თამაში. დანაკლისი გვექნება მეორე ნახევარფინალში. კაპიტანი ჩვენთვის დიდი ძალაა, მის გარეშე რთული იქნება. კარგი მოთამაშეები გვყავს და შევეცდებით, კაპიტნის დანაკლისი შევივსოთ“.

ბათუმის აკადემიასა და არმიას შორის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 19 ივნისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024