პლეი ოფის მეოთხე გუნდის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა!

ყველა სიახლე
02 ივნისი 2021

პლეი ოფის მეოთხე გუნდის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის XIII ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს პლეი ოფში გამსვლელი ბოლო საგაზურის მოსაპოვებლად მებრძოლი გუნდები, ევროპის უნივერსიტეტი და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. პრინციპული „სტუდენტური“ დერბი EU-ს სასარგებლოდ 2-0 დასრულდა და ოთხეულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ბოლო ტურში ევროპის უნივერსიტეტს მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად ხელს ფრეც აძლევს. მისი მეტოქე რეგულარული სეზონის ლიდერი, ილიაუნი 2 იქნება. 

შეხვედრის პირველი ტაიმი ბოლო წუთამდე გოლის გარეშე მიმდინარეობდა, მაგრამ გიორგი ქურხულმა გუნდი მეცხრამეტე წუთზე დააწინაურა. მცდელობების მიუხედავად, თსუ-მ წონასწორობის აღდგენა ვერ შეძლო და გიორგი ქურხულმა მეორე ტაიმის განახლებიდან ათ წუთში დუბლი გაიფორმა.

ამ მოგებით ევროპის უნივერსიტეტს სატურნირო ცხრილში ბათუმის აკადემიის მსგავსად 23 ქულა აქვს და ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგით მეოთხე პოზიციას იკავებს. თავის მხრივ, ბათუმის აკადემიას უპირატესობა თსუ 2-თანაც გააჩნია, ამიტომ, თუკი თსუ ბოლო ტურში მოახერხებს სამი ქულის მოპოვებას, ის „მეზღვაურებს“ ვერ გადაასწრებს და ევროპის უნივერსიტეტის მარცხის შემთხვევაში გადამწყვეტი ბურთების სხვაობა იქნება, რადგან ამ გუნდებს ერთმანეთთან თითო მოგება აქვთ.

საბოლოოდ, პლეი ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობა სრულად რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში გახდება ცნობილი, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 5 ივნისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024