დებიუტანტი არმია ოთხეულში ითამაშებს!

ყველა სიახლე
29 მაისი 2021

დებიუტანტი არმია ოთხეულში ითამაშებს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის XIII ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

სასტარტო მატჩში არმია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდს დაუპირისპირდა 4-2 იმარჯვა და ოთხეულში ადგილი რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

პირველი ნახევარი „ძალოვნების“ სამბურთიანი უპირატესობით წარიმართა. არმიას რიგებიდან ირაკლი ლატარიამ დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე სხვაობა ოთხამდე გაიზარდა. ოცდამეცამეტე წუთისთვის „მეზღვაურებმა“ ორი ბურთი გაქვითეს, მაგრამ დარჩენილ დროში წონასწორობის აღდენა ვერ მოასწრეს და არმიასთან მეორე წრის შეხვედრაშიც დამარცხდნენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლადო ბურდული, არმიას მთავარი მწვრთნელი: "მივულოცავ ჩემს მოთამაშეებს დროზე ადრე პლეი ოფის განაღდებას. გასული ორი თამაში იყო იმის მაგალითი, როგორ არ უნდა მოვეშვათ, როცა ვიგებთ. ერთ თამაშში, პირველი ტაიმის შემდეგ ოთხი ბურთით ვიგებდით და წავაგეთ, მეორეში კი ორი ბურთით ვიგებდით და ბოლო წუთებზე წავაგეთ. დღესაც იყო ამის საშიშროება. ბათუმის ორმა გოლმა პანიკა გამოიწვია. საბედნიეროდ, დღეს უფრო გაითვალისწინეს ბიჭებმა დარიგებები და მალევე დავიბრუნეთ უპირატესობა. ნაადრევად იზეიმეს დღესაც გამარჯვება. გამოვიტანთ აქედან შესაბამის დასკვნებს და პლეი ოფისთვის მოვემზადებით.

ყველამ იცის, რომ ეს ბიჭები არიან ჯარისკაცები და სამოყვარულო ლიგიდან ვართ გადმოსულები. მაოცებენ ყოველდღიურად, რადგან ძალიან იზრდებიან და დიდი პოტენციალი აქვთ, რაც მახარებს. ამ პერიოდში ძალიან დიდი ნახტომი გააკეთეს და ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

დღის სხვა შეხვედრებში ილიაუნი 2 გორს დაუპირისპირდება, საქართველოს უნივერსიტეტი კი ქუთაისის მართვეს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024