ევროპის უნივერსიტეტმა ქუთაისის მართვეს სძლია!
ყველა სიახლეევროპის უნივერსიტეტი XII ტურის შეხვედრაში ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა 2-0 იმარჯვა და უშუალო კონკურენტთან, თსუ 2-თან ქულათა თანაბარი რაოდენობა შეინარჩუნა.
მატჩში ანგარიში მეთერთმეტე წუთზე გიორგი სვანიძემ გახსნა, მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში კი დუბლი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. „ქუთათურები“ სხვაობის შემცირებას ეცადნენ, თუმცა ბურთის გაქვითვა ვერ შეძლეს და ორი უპასუხო გოლით დამარცხდნენ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი სვანიძე, EU: „როგორც მოწინააღმდეგე გუნდი, ჩვენც კაცნაკლულები ვიყავით. ზოგი კოვიდის გამო, ზოგიც ტრავმის და ოთხი მოთამაშე გვაკლდა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. წინა მატჩშიც ჩვენი გამარჯვებით პატარა სასწაული მოვახდინეთ. მიზანი პლეიოფში გასვლაა და ამისათვის დღეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, ბატონ დავით ლოლუას მივულოცო დაბადების დღე, ვფიქრობ, კარგი საჩუქარი გამოგვივიდა. წინ ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დაგვრჩა და შევეცდებით ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ“.
ამ მოგებით ევროპის უნივერსიტეტს თსუ-ს მსგავსად 20 ქულა აქვს და 4-5 პოზიციას იყოფენ. 29 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და მათ შორის გამარჯვებული პლეიოფში მოსახვედრად მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.