თსუ 2-მა უშუალო კონკურენტთან სამი ქულა აიღო!

ყველა სიახლე
22 მაისი 2021

თსუ 2-მა უშუალო კონკურენტთან სამი ქულა აიღო!

ფუტსალის ლიგა 2-ის XII ტურის შეხვედრები გორისა და თსუ 2-ის დაპირისპირებით გაგრძელდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ „სტუდენტებმა“ 4-3 იმარჯვეს.

თსუ 2-მა ანგარიში მერვე წუთზე გახსნა და მალევე სხვაობა ორამდე გაზარდა. გორელებმა ტაიმის დასრულებამდე წონასწორობა აღადგინეს და სასტვენამდე ოთხი წამით ადრე წინ გავიდნენ. თამაშის განახლების შემდეგ „სტუდენტებმა“ ანგარიში გაათანაბრეს, ოცდამეთორმეტე წუთზე კი ალექსი ტკაჩოვმა დუბლი გაიფორმა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა მამაგულაშვილი, გორი: „შეგვეძლო დღევანდელ შეხვედრაში სამი ქულაც მოგვეპოვებინა, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ გავძელით. ცუდი გოლი გაგვივიდა, რიკოშეტით, ვერ მოვასწარით დალაგება. დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იყო ეს მატჩი. პლეიოფში გასასვლელად რაღაც თეორიული შანსები დაგვრჩა, მაგრამ ძალიან მცირე. თსუ-მ ძალიან კარგი თამაში შემოგვთავაზა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო მათი მეკარე, გიორგი ჯოხაძე, ის რომ არა, შეიძლება დიდი ანგარიშითაც მოგვეგო. ბოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ მოსაგებად გამოვალთ და დაველოდებით კონკურენტები ერთმანეთში როგორ დაკარგავენ ქულებს“.

ალექსი ტკაჩოვი, თსუ 2: „ორივე გუნდის მხრიდან ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება ჩვენს ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს. ჩემპიონატი ისეთ ეტაპზეა, რომ განსაკუთრებით უშუალო კონკურენტებთან, თითოეული ქულა გადამწყვეტია. ვფიქრობ, გარდამტეხი მომენტი ჩვენი მხრიდან ანგარიშის გათანაბრება იყო, შეიძლება ითქვას, ცოტა გაგვიმართლა კიდეც და მეტი მოტივაცია მოგვეცა ამ გოლის შემდეგ. ახლა მთელი გუნდი მომდევნო თამაშზე ვფიქრობთ“.



  © SBM, 2016-2024