"მეზღვაურებმა" UG-სთან მინიმალური უპირატესობით იმარჯვეს!

ყველა სიახლე
22 მაისი 2021

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის XII ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. დღის სასტარტო მატჩში ბათუმის აკადემია საქართველოს უნივერსიტეტს დუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 5-4 იმარჯვა.

„მეზღვაურებმა“ პირველ ტაიმში დამაჯერებელი ანგარიშით დაწინაურება შეძლეს და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. თამაშის განახლების შემდეგ UG გააქტიურდა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში წონასწარობის აღდგენა ვერ მოასწრო და დამარცხდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი ბურთი გიორგი აბუსელიძის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი აბუსელიძე, ბსსა: „ყველა დარჩენილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და ქულათა მაქსიმუმის მოსაპოვებლად ვიბრძვით. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა მატჩი. პირველ ტაიმში მოპოვებული ოთხბურთიანი უპირატესობის მიუხედავად მინიმალური სხვაობით მოგება მეტოქე გუნდის კარგ თამაშზე მეტყველებს. მეორე ტაიმში უფრო დაიძაბა შეხვედრა, რასაც ველოდით. ვფიქრობ, გარკვეულწილად გვქონდა უპირატესობა, თუნდაც შეტევაში.“

დღის სხვა შეხვედრაში გორი თსუ 2-ს ეთამაშება, ქუთაისის მართვე ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, არმია კი ილიაუნი 2-ს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024