UG-ის პირველი მოგება 2018 წლის შემდეგ!

ყველა სიახლე
12 მაისი 2021

UG-ის პირველი მოგება 2018 წლის შემდეგ!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის IX ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. საქართველოს უნივერსიტეტი, რომელსაც ბოლო მოგება 2018 წლის 25 ნოემბერს უფიქსირდება, ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და 4-1 იმარჯვა.

„სტუდენტურ დერბიში“ ანგარიში UG-მ მეცხრე წუთზე მირიან ჯანგავაძის გოლით გახსნა. ტაიმის მიწურულს სხვაობა ორამდე ნიკა გაბეხაძემ გაზარდა. მეორე ნახევარში ლევან პავლიაშვილმა მესამე გოლი გაიტანა. ოცდამეთხუთმეტე წუთზე გიორგი კუპრეიშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ საბოლოო ანგარიში თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ლუკა ჯალაღონიამ დააფიქსირა.

ამ შედეგით ევროპის უნივერსიტეტმა პლეიოფში შესასვლელად მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, სატურნირო ცხრილში თსუ 2-ის მსგავსად კვლავ 14 ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს. მას მცირე სხვაობით გორი ჩამორჩება. საქართველოს უნივერსიტეტი კი ამჟამად 4 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

ფუტსალის ლიგა 2-ის XI ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 15 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024