სათამაშო დღე ქართუს გამარჯვებით დასრულდა!

ყველა სიახლე
09 მაისი 2021

სათამაშო დღე ქართუს გამარჯვებით დასრულდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე C ჯგუფის შეხვედრით დასრულდა. ქართუ ბანკმა საქართველოს ფეხბურთის ფედრაციას 4-2 მოუგო და პირველი სამი ქულა მიითვალა. მეშვიდე წუთისთვის „ბანკირები“ მინიმალური უპირატესობით ლიდერობდნენ (2-1). ტაიმის დასრულებამდე კი სხვაობა სამამდე გაიზარდა. სფფ-მ კიდევ ერთი ბურთი მეორე ტაიმში გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში ქულების მოპოვება ვერ მოახერხა.

D ჯგუფის მატჩში ერთმანეთს ლიბერთი ბანკი და ბეთლაივი დაუპირისპირდნენ. “ბანკირებმა“ მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლით სძლიეს (4-0). გიორგი ვეშაგურმა დუბლი მეოთხე და ოცდამეშვიდე წუთზე გატანილი გოლებით გაიფორმა. თითო ბურთია გიორგი გაგუასა და ირაკლი კარელიძის ანგარიშზე. ლიბერთი ამ მოგებით D ჯგუფში ICR-ს გაუთანაბრდა, რომელიც ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე პირველ პოზიციას იკავებს. 

დღის სხვა შეხვედრაში არმიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდთან 4-1 იმარჯვა. „ძალოვნები“ პირველი ტაიმის მიწურულს გიგა ბერაიამ დააწინაურა. თამაშის განახლებიდან ორ წუთში არმიამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. TTC-მ ბექა ბუსხრიკიძის გოლით ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში სხვაობა სამამდე გაიზარდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A, B, C და D ჯგუფის მორიგი შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024