ავტო იმპორტმა C ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა!

ყველა სიახლე
09 მაისი 2021

ავტო იმპორტმა C ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა!

D ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ICR-მა ბაქსვუდს კომფორტული ანგარიშით 6-1 სძლია. ICR-მა სოლიდური უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და თამაშის დასრულებამდე სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ოთხი გოლით გიორგი ჩოხელი გამოირჩა.

დღის სხვა მატჩში ერთმანეთს C ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდნენ. კავკასიის ავტო იმპორტისა და პატრულის დაძაბული შეხვედრა CAI-ის მინიმალური უპირატესობით 3-2 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გიორგი ფურცელაძემ გახსნა და „ძალოვნები“ დააწინაურა. თამაშის განახლების შემდეგ ავტო იმპორტმა წონასწორობა აღადგინა და წინ გავიდა. მალევე ავტოგოლით ანგარიში კვლავ გათანაბრდა, თუმცა მეორმოცე წუთზე ლაშა ჯოხაძემ გამარჯვების გოლით დუბლი გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა ჯოხაძე, CAI: „მეტოქემ ძალიან კარგი თამაში გვაჩვენა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. ტოლი არ დაგვიდეს არაფერში. რაღაც მომენტში ვაჯობეთ, იღბალიც დაგვეხმარა. დაგვიფასდა დღევანდელი ბრძოლა. დაუდევარი გოლი გავუშვით, მაგრამ მთელი სეზონი წინაა და ვიმედოვნებთ, რომ მსგავს უყურადღებობებს გამოვასწორებთ. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, ფაქტობრივად, ჯგუფში პირველობისთვის ვიბრძოდით და ამ შედეგით ლიდერობა შევინარჩუნეთ.“

გიორგი ფურცელაძე, პატრული: „ღირსეული და სანახაობრივი დაპირისპირება გამოვიდა. ჩვენი გუნდი ცოტა აღელვებული იყო, მაგრამ თამაშია, დაძაბულობის პიკში ვიყავით და შევეცდებით მომავალში რევანშიც ავიღოთ, თუ ამის საშუალება მოგვეცემა. გოლის გატანაზე ვიყავით ორიენტირებულები და კონტრშეტევაზე გავუშვით გადამწყვეტი ბურთი, რაც სამწუხაროა. გარდამავალი იყო უპირატესობა და ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა, ანგარიში რომ შეგვენარჩუნებინა.“



  © SBM, 2016-2024