კროკობეთი სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოა!

ყველა სიახლე
25 აპრილი 2021

კროკობეთი სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის მორიგი სათამაშო დღე A ჯგუფის III ტურის შეხვედრებით დასრულდა.

დასკვნით მატჩში ერთმანეთს „ბუკმეკერები“ დაუპირისპირდნენ, სადაც აჭარაბეთმა ევროპაბეთს 7-0 სძლია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთ-თრიკი აკაკი ჩხიკვაძემ შეასრულა.

ჯგუფის სხვა შეხვედრაში კროკობეთმა ენერგო-პრო 5-3 დაამარცხა, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში პირველობა შეინარჩუნა. პირველი ტაიმი ენერგო-პრომ მინიმალური სხვაობით დათმო. თამაშის განახლებიდან მალევე „ბუკმეიკერებმა“ უპირატესობა გაზარდეს. ბოლო ხუთ წუთში „ენერგეტიკოსებმა“ კიდევ ორი ბურთი გაქვითეს, მაგრამ დარჩენილ დროში ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ლევან კოპალიანმა გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლევან კოპალიანი, კროკობეთი: „პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო ბზობის დღესასწაული. რაც შეეხება თამაშს, ცოტა არ დავაფასეთ მოწინააღმდეგე. შეგვეძლო უფრო დამაჯერებლად და მშვიდად მოგვეგო, მაგრამ მოწინააღმდეგემ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენთვის გაერთულებინათ სამი ქულის აღება. მეტოქეს საკადრო პრობლემები ჰქონდა და ამითაც ვისარგებლეთ. უხეშ და აქტიურ პრესინგს ვეთამაშებოდით. ანგარიში ჩვენ მიგვყავდა, სამბურთიანი უპირატესობაც გვქონდა, შემდეგ ცოტა მოვდუნდით და ჩვენს კარშიც მივიღეთ საპასუხო გოლები. სამიდან სამი მოგება გვაქვს, ძალიან მოტივირებულები ვართ და ჩემპიონობისთვის ვემზადებით“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები 9 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024