ბსსა-მ პრინციპულ ბრძოლაში თსუ 2-ს აჯობა!

ყველა სიახლე
24 აპრილი 2021

ბსსა-მ პრინციპულ ბრძოლაში თსუ 2-ს აჯობა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის  IX ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს უშუალო მეტოქეები, ბათუმის აკადემია და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. „მეზღვაურებმა“ სანახაობრივ შეხვედრაში 2-1 იმარჯვეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.

ბსსა სწრაფი გოლით თამაშის მეორე წუთზევე მალხაზ შამილაძემ დააწინაურა. საბა გოგოლაძემ ტაიმის დასრულებამდე ექვსმეტრიანი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის განახლებიდან მალევე გოგიტა აბულაძემ აკადემია კვლავ წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

საბა ეგრისელაშვილი, თსუ 2: „მინდა აღვნიშნო, რომ დაძაბული თამაში გამოდგა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ მომენტების გამოუყენებლობას დავაბრალებდი დღევანდელ მარცხს. ბევრი შეცდომა დავუშვით შეტევაში და ამის გამო დავისაჯეთ. მეორე ტაიმში გოლების გატანა გვმართებდა. უპირატესობით როცა ვუტევდით, მეკარემ ითამაშა კარგად. სატურნირო ცხრილში ძალიან დაძაბული ვითარებაა და ეს ქულები გვჭირდებოდა. შევეცდებით მომავალ თამაშებში მოვიპოვოთ გამარჯვება.“

მალხაზ შამილაძე, ბსსა: „დავიწყებ იქიდან, რომ თსუ, ჩემი აზრით, ლიგაში ყველაზე დაბალანსებული გუნდია. დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად კარგად თამაშობენ, რაც ალბათ მათი გამოცდილი მწვრთნელის დამსახურებაა. მეტოქეს თამაშით ვაჯობეთ. პირველ ნახევარშიც შეგვეძლო დიდი უპირატესობა მოგვეპოვებინა და შემდეგ უფრო მარტივად გაგვეგრძელებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ორივე მხარეს გარკვეული უიღბლობებიც იყო, თუმცა, ვფიქრობ, ძლიერმა გაიმარჯვა.“

ამ მოგებით ბსსა-მ სატურნირო ცხრილში პირველობა დაიბრუნა, თუმცა არმია, რომელიც ცხრილის ამჟამინდელ ლიდერს ორი ქულით ჩამორჩება, IX ტურში ბოლოს წინა ადგილზე მყოფ გორს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024