ICR-მა ბეთლაივთან სოლიდური უპირატესობით იმარჯვა!

ყველა სიახლე
18 აპრილი 2021

ICR-მა ბეთლაივთან სოლიდური უპირატესობით იმარჯვა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის სეზონის მორიგი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. D ჯგუფის მატჩში ICR ბეთლაივს დაუპირისპირდა და ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა თამაშის დასრულებამდე სოლიდური გახდა და ICR-მა 6-0 იმარჯვა. დუბლითა და ორი საგოლე გადაცემით შეხვედრაში გიორგი ჩოხელი გამოირჩა.

სათამაშო დღე C ჯგუფით მიქსორისა და ბანკი ქართუს დაპირისპირებით დაიწყო. დავით აბეჩხრიშვილმა „ბანკირები“ მეთერთმეტე წუთზე დააწინაურა. ვასკა კენჩხაძემ კი საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით აბეჩხრიშვილი, ქართუ: „ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო თავიდანვე. შემდეგ ერთი პერიოდი ცოტათი ტემპმა იკლო, მაგრამ ბოლოში კვლავ გავაქტიურდით ორივე გუნდი. ბევრი მომენტი შეიქმნა, რაც სანახაობრივს ხდიდა თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ მოსაგებად გამოვედით, ვერ ვიტყოდი, რომ მეტოქეს ვაჯობეთ და ვფიქრობ, ფრე ასახავდა შეხვედრის მიმდინარეობას.“

ლევან კახობერაშვილი, მიქსორი: „მიქსორი წელს ძველი სახეებით, მაგრამ ახალი გუნდით, დებიუტანტები ვართ. ბოლო წუთებამდე ორივე მხარეს გვქონდა შანსი შეგვეცვალა შედეგი. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მათ შორის, ერთი შვიდმეტრიანი. მომავალში უფრო გავაუმჯობესებთ თამაშს და შევეცდებით დავხვეწოთ ყველაფერი.“

დღის განმავლობაში ოლიმპიურ სასახლეში A,C და D ჯგუფის გუნდები მეორე ტურის შეხვედრებს გამართავენ.



  © SBM, 2016-2024