"სტუდენტების" დაძაბულ დერბიში ფრე დაფიქსირდა!

ყველა სიახლე
17 აპრილი 2021

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის VIII ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს ილიაუნი 2 და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. „სტუდენტური დერბი“ ფრედ 2-2 დასრულდა.

დაძაბული მატჩის პირველი ნახევარი თსუ-ს მინიმალური უპირატესობით წარიმართა. სანდრო შეყლაშვილმა გუნდი ოცდამერვე წუთზე დააწინაურა. ილიაუნიმ თამაშში ანგარიში საბა მაჩიტის გოლებით ორჯერ გაათანაბრა. ერთი ბურთია ვახტანგ მღებრიშვილის ანგარიშზეც.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

საბა მაჩიტიძე, ილიაუნი 2: „სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. თსუ კარგი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ძლიერი მწვრთნელიც ჰყავთ და თამაშიც შესაბამისად დაძაბულად წარიმართა. ორჯერ გავათანაბრეთ ანგარიში. ორივე ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ და ეს გამოჩნდა. პირველი ტურის შეხვედრაში შედარებით იოლად ვიმარჯვეთ, მაინც გაცნობითი სახის დაპირისპირება იყო და მგონია, მაშინ თსუ არ ელოდა ძლიერ მეტოქეს. ანგარიში ორივე მატჩში გამოხატავდა თამაშის ხასიათს.“

საბა გოგოლაძე, თსუ 2: „ცოტა მძიმე კალენდარი გვაქვს, ზოგი ფეხბურთელი პირველ ლიგაშიც ვთამაშობთ და დაღლა დაგვეტყო. ორჯერ ვიყავით წინ. ბოლოს მეტოქეს შეეძლო სამი ქულაც აეღო. ილიაუნი ახალგაზრდა გუნდია. თამაშზეც ეტყობათ, რომ მოტივირებულები არიან. პირველ ტაიმში მათ გაუმართლათ, მეორე ტაიმში ჩვენ. საბოლოო ჯამში, ლოგიკური ანგარიში დაფიქსირდა. მეხუთე თამაშია მარცხი არ გვაქვს. მეორე წრე ახლა დავიწყეთ და ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, პლეიოფში გასვლაა, შემდეგ კი ჩემპიონობაზეც გვაქვს ამბიციები.“

VIII ტურის  სხვა შეხვედრებში ბათუმის აკადემია ევროპის უნივერსიტეტს ეთამაშება. საქართველოს უნივერსიტეტი გორს გაეჯიბრება. ქუთაისის მართვე კი არმიას დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024