ახალგაზრდულ ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ!

ყველა სიახლე
09 ივნისი 2024


ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის სადებიუტო სეზონში ჩემპიონის ტიტული “ს.ლ აკადემიამ” მოიპოვა.

საჩემპიონო სერიაში გამარჯვებული მეხუთე, გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდა. ძირითად დროში 5-5-ის შემდეგ „ს.ლ აკადემიამ“ „გრანდ ავლაბარი“ პენალტებში 4-3 დაამარცხა.

ფინალის ბოლოს გაიმართა დაჯილდოება, სადაც გამოვლინდნენ 2023/2024 წლის საუკეთესო მოთამაშეები.

ახალგაზრდული ლიგის სადებიუტო სეზონის საუკეთესო მეკარედ მიშა თურმანიძე (ს.ლ აკადემია) დასახელდა. საუკეთესო უნივერსალის ტიტული ილია გოგოხია-ხატისკაცმა (ს.ლ აკადემია) მოიპოვა. საუკეთესო თავდამსხმელი ლევან გუგუციძე (ს.ლ აკადემია) გახდა. საუკეთესო მცველის სტატუსს გუგა მიქაბერიძე (ს.ლ აკადემია) დაეუფლა. გიორგი აირაპეტიანმა (გრანდ ავლაბარი) ორ ნომინაციაში შეძლო გამარჯვება - საუკეთესო ასისტენტი და საუკეთესო ბომბარდირი, 38 გოლით და 22 საგოლე გადაცემით. მთავარი, საუკეთესო ფეხბურთელიჯილდო კი გიორგი ქსოვრელმა (გრანდ ავლაბარი) მიიღო.

Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:

ილია გოგოხია-ხატისკაცი, SL ACADEMY - „პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა, ბიჭები ძალიან ბევრს ვშრომობდით. 100%-ით ველოდებოდი გამარჯვებას, რადგან მარტო მოგებისთვის უნდა იყო განწყობილი, მეტი არაფერი. მომიწია ყველა პოზიციაზე დგომა და სავარაუდოდ მაგიტომ მოვიგე საუკეთესო უნივერსალის ჯილდო“.

ლევან გუგუციძე, SL ACADEMY – „ძალიან რთული სეზონი იყო, თავიდან კარგი თამაშებით დავიწყეთ, მაგრამ ფინალამდე, რომ მოვედით უკვე ძალიან გაგვიჭირდა, ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია მოწინააღმდეგემ, რასაც ძალიან ვაფასებ, მათ ყველაფერი წინ აქვთ, ჯერ არაფერი დამთავრებულა. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გამარჯვებას, რადგან მთელი სეზონი ვვარჯიშობდით და დღემდე მოვიტანეთ ჩვენი შრომით ყველაფერი.

გუგა მიქაბერიძე, SL ACADEMY - "ჩემთვის ეს ტიტული ნიშნავს ყველაფერს, საუკეთესო მცველი გავხდი. გამოვიარეთ რთული სეზონი, გავედით ფინალში, საუკეთესო გუნდს შევხვდით, წაუგებელი სერია ჰქონდათ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ გავხდით ჩემპიონები. რთული სერია იყო, ორჯერ გავიდნენ წინ, ორჯერვე გავუთანაბრდით. ბოლოს ბიჭებსაც გვჯეროდა ბოლომდე, რომ მოვიგებდით“.

მიშა თურმანიძე, SL ACADEMY – „ძალიან კარგი შეგრძნებაა გამარჯვება. ეს იყო გუნდის დამსახურება, ყველამ ერთად გავიმარჯვეთ, ვიყავით ძალიან შეკრულები. როდესაც წავაგეთ შეხვედრა, მეორე ვარჯიშზე უკვე ვიცოდით, რომ აუცილებლად მოვიგებდით. საუკეთესო მეკარის ტიტულს არ ველოდი, რადგან მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე იყო მართლა ძალიან მაგარი, ძალიან დიდ პატივს ვცემ მას. ძალიან გამიხარდა, პირველი ჯილდოა ჩემთვის“.  

გიორგი ქსოვრელი, GRAND AVLABARI - „ფინალურ ეტაპამდე ძალიან იოლად გავედით, თითქმის ყველა თამაში მოვიგეთ. ძალიან კარგად ვემზადებოდით მთელი ტურნირის პერიოდი. სამწუხაროდ, ფინალურ ეტაპზე დავმარცხდით. ყველა თამაში მაღალ დონეზე ჩავატარე და ეს ჩემს ტიტულზეც აისახა, გავხდი საუკეთესო მოთამაშე. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენ მოწინააღმდეგე გუნდს. ძალიან ბევრი იბრძოლეს და იშრომეს იმისათვის, რომ ეს გამარჯვება მოეპოვებინათ“.

გიორგი აირაპეტიანი, GRAND AVLABARI – „პირველ რიგში, ვულოცავ სასკოლო ლიგის აკადემიას ამ არაჩვეულებრივ სეზონს. რაც შეეხება, ჩვენს ბიჭებს, ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. თითოეულ დღეს, მთელი ტურნირის განმავლობაში მაქსიმუმი ჩადეს და აქამდე მაგიტომაც მოვედით. ჩემს ბომბარდირობას და ასისტენტობას რაც შეეხება, მარტო მე ვერაფერს ვიზამდი, ბიჭების დახმარებით გავხდი ბომბარდირიც და ასისტენტიც“. 

 

  © SBM, 2016-2024