"მართვემ" საკუთარ კედლებში UG-ის იოლად მოუგო!

ყველა სიახლე
27 თებერვალი 2021


ფუტსალის ლიგის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ქუთაისის სპორტის სასახლეში ადგილობრივი „მართვესა“ და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირებით დასრულდა. მეორე ეტაპზე გამსვლელი ბოლო საგზურის მფლობელი ქუთაისის გუნდი გახდა, რომელმაც UG დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 8:3.

„ქუთათურებმა“ სწრაფი გოლით დაიწყეს შეხვედრა და მეორე ტაიმს ორბურთიანი უპირატესობით შეხვდნენ. UG-მ ანგარიშის შეცვლა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და გუნდი თასის გათამაშებას გამოეთიშა. ქუთაისის მართვედან ჰეთრიკი ირაკლი გვეტაძემ და თეიმურაზ ტყეშელაშვილმა გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ირაკლი გვეტაძე, მართვე:“ჩევნს მეტოქეს ეტყობა, რომ კარგი გუნდია, მაგრამ ფიზიკური მომზადება აკლიათ, რაც მათ თამაშის ხარისხზე აისახება. სეზონის სტარტზე შეთამაშება გვაკლდა, ახლა უკვე ეს პრობლემა აღმოფხვრილია და უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ, არა მხოლოდ შედეგის თვალსაზრისით. ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და ევროპის უნივერსიტეტთანაც ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი 13 მარტს გაიმართება. ერთმანეთს ევროპის უნივერსიტეტი-მართვე და არმია-ბსსა დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულები, როგორც ლიგა 2-ის წარმომადგენლები, ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებას მეოთხედფინალებიდან შეუერთდებიან, სადაც მათ უმაღლესი ჩემპიონატის 6 გუნდი დახვდებათ.

  © SBM, 2016-2024