"ძალოვნების" მეტოქე ბსსა იქნება!

ყველა სიახლე
27 თებერვალი 2021


ილიაუნი 2-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდს შორის გამართული დაპირისპირება, ფუტსალის ლიგის თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად, ბსსა-ს გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 წარიმართა, პენალტების სერიაში კი „მეზღვაურებმა“ ილიაუნი 3:2 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე არმიას გაეჯიბრებიან.

„ბათუმელებმა“ უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვეს. „სტუდენტებმა“ ორჯერ მოახერხეს წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ბოლო ათი წუთის განმავლობაში ვერც ერთმა გუნდმა შეძლო გოლის გატანა, რის შედეგადაც, დაინიშნა ექვსმეტრიანების სერია, სადაც ბათუმის აკადემიამ მეტოქეს აჯობა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ჯონი უბილავა, ბსსა:“თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდებოდა. თამაში პირველივე წუთებიდან ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა. პირველი გოლი გავიტანეთ. შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა და ანგარიში გაგვითანაბრეს. საერთო ჯამში, კარგი მეტოქე გვყავდა და კიდევ უფრო ძნელი შეხვედრა გველის წინ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. ჩემი აზრით, ყველა გუნდთან ის უპირატესობა გვაქვს, რომ ბოლომდე ვიბრძვით და ერთმანეთს  ვეხმარებით თამაშისას.“

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს უნივერსიტეტი ქუთაისის „მართვეს“ ეთამაშება. გამარჯვებული 13 მარტს, ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში მოსახვედრად, ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.

  © SBM, 2016-2024