უხვგოლიანი თრილერი ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
20 თებერვალი 2021


ქუთაისის მართვესა და ილიაუნი 2-ს შორის გამართული დაძაბული დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა. შეხვედრაში უპირატესობა გარდამავალი იყო და საბოლოოდ ფრედ 6:6 დასრულდა.

პირველი ტაიმი „სტუდენტებმა“ 3:2 დათმეს, მაგრამ შეხვედრაში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს და წინაც გავიდნენ. საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე ილიაუნი მინიმალური უპირატესობით ლიდერობდა. „ქუთათურებმა“ დროის ამოწურვამდე მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს და ანგარიში საბოლოოდ გაათანაბრეს. მართვეს რიგებიდან მალხაზ შველიძემ და ირაკლი გვეტაძემ დუბლი გაიფორმეს. ორ-ორი ბურთი მიითვალეს აქტივში საბა მაჩიტიძემ და ნიკოლოზ ბოლქვაძემაც.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თეიმურაზ ტყეშელაშვილი, მართვე:“ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა, ახალგაზრდა ბიჭები არიან და ტექნიკურები. ჩვენც ბოლომდე ვიბრძოლეთ და საბოლოო ანგარიშიც ასახავდა მატჩის მიმდინარეობას. ცოტა მეტი დრო გვჭირდება ფორმაში შესასვლელად. ბევრი ისეთი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გავიტანეთ.“

საბა მაჩიტიძე, ილიაუნი 2:“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მოწინააღმდეგე ნამდვილად ძალიან ძლიერია. გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდნენ და ეს მათ თამაშს ეტყობა. მატჩის ხასიათიდან გამომდინარე ფრე ლოგიკური ფინალი იყო. ვფიქრობ, ანგარიშზე გავლენა მეკარის შეცდომებმაც იქონია, რომელიც ორივე მხრიდან იყო დაშვებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დადებითი შედეგია ორივე გუნდისთვის.“

მეორე ტურის შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის შეხვედრით დასრულდება. 

  © SBM, 2016-2024