"ძალოვნებმა" გორთან სამი ქულა აიღეს!

ყველა სიახლე
20 თებერვალი 2021


ფუტსალის ლიგა 2-ის II ტური არმიასა და გორის დაპირისპირებით გაგრძელდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ „ძალოვნებმა“ დაძაბულ ბრძოლაში 6:4 იმარჯვეს.

გორელებმა პირველ ხუთ წუთში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. ტაიმის დასრულებამდე არმიამ წონასწორობა აღადგინა და წინ ორი ბურთით გავიდა. თამაშის განახლებიდან ათი წუთის შუალედში გორმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ შენარჩუნება ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ 6:4 დამარცხდა. შეხვედრაში გიგა ბერაიამ და ირაკლი ცომაიამ დუბლი გაიფორმეს. გორელების მხრიდან ორ-ორი ბურთია გიორგი მჭედლიშვილისა და გიორგი ანიაშვილის სახელზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ირაკლი ცომაია, არმია:“ფიზიკურად ძლიერი გუნდი ვართ. ტაქტიკური თვალსაზრისით ჯერ კიდევ ვსწავლობთ ბევრ რამეს. ოთხი გოლი მივიღეთ, რაც გორის მონდომებაზე მეტყველებს. რაღაც მონაკვეთში დაბნეულობა იყო ჩვენს გუნდში და მეტოქემ გამოიყენა ეს მომენტი, მაგრამ იმის პოტენციალი გვაქვს, რომ ასეთი მდგომარეობიდან გამოვიდეთ და კვლავ დავბრუნდეთ თამაშში. ტექნიკურად კარგად იყო მომზადებული მეტოქე, მომავალ კვირას კიდევ შევხვდებით თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე და იმედია, იქაც გავიმარჯვებთ.“

გიორგი მჭედლიშვილი, გორი:“ნამდვილად ვიბრძოლეთ დღევანდელ შეხვედრაში, მაგრამ  მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ამან თავისი როლი ითამაშა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ბევრი შეცდომა დავუშვით, რასაც დაღლას დავაბრალებდი. ვეცდებით მომავალ შეხვედრაში მაქსიმუმი გავაკეთოთ.“

  © SBM, 2016-2024